რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ნადეჟდინი მხარდამჭერთა ხელმოწერებს თბილისშიც აგროვებს

ბორის ნადეჟდინი

პარტია სამოქალაქო ინიციატივის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბორის ნადეჟდინი რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი თავის რეგისტრაციისთვის ხელმოწერების შეგროვებას თბილისშიც იწყებს. ამის შესახებ საუბარი მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ცნობაშია.

"ვაფართოებთ გეოგრაფიას და თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. მოიხმეთ ნაცნობები და მეგობრები - საქართველოში ხელმოწერების შეგროვება გაიხსნა!" – წერს ნადეჟდინი და აქვეყნებს მისამართს, სადაც რუსეთის მოქალაქეებს საკუთარი პასპორტებით მისვლა და მისთვის მხარდაჭერა შეეძლებათ.

ნადეჟდინს რეგისტრაციისთვის სულ მცირე 100 000 ხელმოწერა სჭირდება. ხელმოწერების რაოდენობა ფედერაციის თითოეულ სუბიექტში არ უნდა აღემატებოდეს 2 500-ს.

პოლიტიკოსის ერთ-ერთი მთავარი დაპირება უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაა.

საკუთარ მანიფესტში ნადეჟდინი წერდა, რომ ის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის "პრინციპული მოწინააღმდეგეა". მისივე თქმით, პუტინი "მსოფლიოს წარსულიდან უყურებს და რუსეთს წარსულში მიათრევს". ასევე ამბობდა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის, ანუ უკრაინაში მიმდინარე ომის "არცერთი დასახული მიზანი არ შესრულებულა და რუსეთის ეკონომიკასა და დემოგრაფიაზე გამოუსწორებელი ზიანის გარეშე ვერც შესრულდება".

გამოცემა Верстка გასულ დღეებში პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ნადეჟდინი თავდაპირველად "კრემლთან შეთანხმებული კანდიდატი" იყო და არჩევნებზე ლიბერალები უნდა მიეზიდა, თუმცა, როცა ის ომისა და პირადად პუტინის წინააღმდეგ გამოვიდა, კრემლში მის მხარდაჭერაზე უარი თქვეს. Верстка-ს ცნობით, მცირე მხარდაჭერის გამო, ნადეჟდინისთვის რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაძლოა რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

ნადეჟდინმა რუსეთის ცესკოს არჩევნებში მონაწილეობისთვის გასული წლის 26 დეკემბერს მიმართა და 28 დეკემბერს მისი უფლებამოსილი პირები დაარეგისტრირეს.

ბორის ნადეჟდინი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატია. ის მემარჯვენე ძალთა კავშირიდან, რომლის თავმჯდომარეც 2015 წელს მოსკოვშ მოკლული ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი იყო, დუმაში 1999 წელს აირჩიეს.

კომენტარები