ჩინეთი

ჩინეთში შობადობა რეკორდულად შემცირდა – მოსახლეობის რაოდენობა ორი წელია იკლებს

AFP/AFP VIA GETTY IMAGES

შობადობის რეკორდულად შემცირებისა და COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიღებული მკაცრი ზომების შემსუბუქების ფონზე, 2023 წელს ჩინეთში, 2022 წლის მსგავსად, მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, გასულ წელს მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2.08 მილიონით, 0.15%-ით შემცირდა და ახლა 1.409 მილიონს შეადგენს.

2023 წელს კლება ბევრად აღემატებოდა 2022 წლის მონაცემებს. ამ წელს მოსახლეობა 850 ათასით შემცირდა, რაც მაო ძედუნის დიდი შიმშილის პერიოდში, 1961 წელს აღწერილი მონაცემების შემდეგ პირველი კლება იყო.

6.6%-ით გაიზარდა და 11.1 მილიონს მიაღწია სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც, რაც 1974 წელს, კულტურული რევოლუციის დროს დაფიქსირებული მაჩვენებლის შემდეგ ყველაზე მაღალია.

5.7%-ით, 9.02 მილიონამდე შემცირდა ახალშობილთა რიცხვი და 1 000 ადამიანზე 6.39 ახალშობილით შობადობის რიცხვიც რეკორდულად დაეცა.

ახალი მონაცემები კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ მომავალში სამუშაო ძალის შემცირებისა და ხანდაზმულთა მოვლისა და საპენსიო შეღავათების ხარჯების ზრდის პარალელურად, მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები მცირდება.

გაეროს მონაცემებით, გასულ წელს მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს ინდოეთმა გადაუსწრო, რის გამოც მიწოდების ზოგიერთი ჯაჭვის ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადატანაზე განხილვები კიდევ უფრო გააქტიურდა.

ამასთან, გაეროს გრძელვადიანი პროგნოზით, 2050 წლისთვის ჩინეთის მოსახლეობა 109 მილიონით შემცირდება, რაც 2019 წლის პროგნოზს სამჯერ აღემატება.

კომენტარები