ევროკავშირი

EU უკრაინისთვის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით გერმანიის ერთპიროვნულ ნაბიჯს გმობს

Kenzo Tribouillard/Pool via REUTERS/File Photo

ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყოფითად შეაფასეს გერმანიის ერთპიროვნული გადაწყვეტილება უკრაინისთვის დახმარების სახით 7.6 მილიარდი დოლარის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. შოლცმა უკრაინას აღნიშნული დახმარების გამოყოფა აღუთქვა, თუმცა ევროკავშირის წევრებს ამაზე ჯერ არ უმსჯელიათ. ამ თანხის ევროკავშირის სამხედრო და თავდაცვის პროგრამის - European Peace Facility-ს ბიუჯეტიდან გამოყოფაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები თებერვალში იმსჯელებენ. ამის შესახებ კომენტარი ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა თიერი ბრეტონმა გააკეთა

"დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანია ცდილობს, რომ მარტო იმოქმედოს. კონკრეტულად კი ამით ის ცდილობს შეაჩეროს European Peace Facility-ს მუშაობა" - თქვა თიერი ბრეტონმა. 

European Peace Facility ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა არსებული პროგრამაა, სადაც ქვეყნები თავიანთი მშპ-ს შესაბამის ფულად კონტრიბუციებს ახორციელებენ, რის გამოც, მთავარი კონტრიბუტორი გერმანიაა. გერმანიის წარმომადგენლები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ European Peace Facility-ს ფორმატს და მისი ცვლილების ინიციატივით გამოდიან. 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 16 იანვარს უკრაინას დაპირდა, რომ დამატებითი ფინანსური დახმარება სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის მალე გამოიყოფა. 

გერმანია აქტიურად მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ უკრაინას საჭირო რაოდენობის სამხედრო და ფინანსური დახმარება მიაწოდონ. 

ამას გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ თებერვალში საფრანგეთი და უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელს მოაწერენ და უკრაინას Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს მიაწვდიან. 

კომენტარები