ლაზერული იარაღი

გაერთიანებულმა სამეფომ ლაზერული იარაღი წარმატებით გამოცადა

ლაზერული იარაღის გამოცდის კადრები
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო

გაერთიანებულმა სამეფომ ლაზერული იარაღის გამოცდისას საჰაერო სამიზნის წინააღმდეგ წარმატებულად პირველად გაისროლა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაზერული იარაღი სახელად DragonFire (დრაკონის ცეცხლი) საკმარისად ზუსტია 1-კილომეტრიანი მანძილიდან 1-ფუნტიანი მონეტის მიზანში ამოსაღებად. უწყების თქმითვე, შოტლანდიაში, ჰებრიდის კუნძულებზე ჩატარებული ტესტი ტექნოლოგიის საბრძოლო გამოყენებისკენ გადადგმული "დიდი ნაბიჯია".

თავდაცვის მდივნის, გრანტ შაპსის თქმით, ლაზერული იარაღი რაკეტების დაბალფასიან ალტერნატივად განიხილება და მისი განვითარების შემთხვევაში ძვირადღირებულ საბრძოლო მასალაზე დამოკიდებულებასთან ერთად, თანმხლები ზიანის რისკის შემცირებასაც იმედოვნებენ.

მაშინ, როდესაც ზოგიერთი რაკეტის ღირებულება მის მიერ ჩამოგდებული დრონის ღირებულებას აჭარბებს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თქმით, DragonFire სისტემის 10-წამიან მუშაობას ჩვეულებრივი გამათბობლის ერთი საათით გამოყენების ფასი აქვს და ერთი გასროლა, ჩვეულებრივ, 10 გირვანქაზე ნაკლები ჯდება.

დრაკონის ცეცხლის ზუსტი დიაპაზონი გასაიდუმლოებულია, თუმცა, სავარაუდოდ, მას ნებისმიერი ხილული სამიზნისთვის დარტყმა შეუძლია. მსგავსი, ლაზერით მიმართული ენერგიის იარაღები (LDEW) სამიზნის გასაჭრელად ინტენსიური სინათლის სხივს იყენებენ და სინათლის სიჩქარით დარტყმა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ლაზერული სისტემები აშშ-ს საზღვაო ძალებმა უკვე დააინსტალირა რამდენიმე გამანადგურებელზე, თუმცა, ჰუსიტების მხრიდან წითელ ზღვაში უკანასკნელი თავდასხმების მოგერიებისას მაინც რაკეტები გამოიყენეს.

კომენტარები