გამოსახლება

ხატიაშვილი დვალზე: შეიძლება, მარტო მისი ბრალიც არ იყო, ჩემიც იყო, ხელშეკრულება გაფორმდა

კადრი ვიდეოდან / იმედი ტვ

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ყოფილი მესაკუთრე მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ დარეჯან დვალთან "როგორც იქნა, შედგა ნორმალური კომუნიკაცია" და მათ შორის ხელშეკრულება ნოტარიულად გაფორმდა. დარეჯან დვალმა კეკელიძის ქუჩაზე მარინე ხატიაშვილის ბინა 2018 წლის 19 თებერვალს, საჯარო აუქციონზე იყიდა.

"შეიძლება, მარტო მისი [დარეჯან დვალის] ბრალიც არ იყო და ჩემიც იყო იმიტომ, რომ მეც ჩავიკეტე, რაღაცნაირად, ნდობა გამიქრა. მძიმე და ცუდი ისტორიები იყო უკან. თუმცა, დღესდღეობით, როგორც იქნა, შედგა ნორმალური კომუნიკაცია". - თქვა ხატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ გეგმავს, სოციალური ქსელის მეშვეობით, მოუწოდოს ადამიანებს, აღარ მიაყენონ შეურაცხყოფა დვალს.

"ვაპირებ, სოციალურ ქსელში დავწერო და ვთხოვო ადამიანებს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ დარეჯან დვალისა და ჩემ თემას. მე ჩემი მხრიდან ვამატებ, რაც ჩვენს ხელშეკრულებაში არ წერია - ნუღარ მიაყენებენ ქალბატონ დარეჯან დვალს შეურაცხყოფას". - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ხატიაშვილი.

23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი გაასახლა.  ბინის ყოფილი მესაკუთრის, მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკიდან 20 000 დოლარი 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა. მისი ცნობით, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ბანკის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მარინა ხატიაშვილს დაუყოვნებლივ დაეკისრა ბანკისთვის 21 000 დოლარის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კუთვნილი ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, აუქციონზე გაიყიდებოდა. რადიო თავისუფლებასთან ხატიაშვილი ამბობს, რომ 2014 წლის დასაწყისში საქართველოს ბანკის იურისტი დაუკავშირდა და კერძო კრედიტორებთან დაკავშირება ურჩია. მარინა ხატიაშვილის თქმით, 2016 წლამდე აფორმებდა კერძო კრედიტორებთან ექვსთვიან ხელშეკრულებებს.

"ამჯერად უკვე მევახშეებთან დაიტვირთა ჩემი სახლი იპოთეკით. საბოლოოდ, მევახშეების ვალი, რომელთანაც ყოველ ექვს თვეში ახალ-ახალ ხელშეკრულებებს ვდებდი, 27 000 დოლარიდან 50 000 დოლარამდე გაიზარდა“ - ეუბნება ხატიაშვილი რადიო თავისუფლებას.

მისი მტკიცებით, ბოლო კრედიტორებს შორის იყო დარეჯან დვალიც, რომელმაც მას შემდეგ, რაც სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება აუქციონზე გავიდა, ბინა თავად იყიდა. დვალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბინა აუქციონზე 43 000 ლარად იყიდა, გარდა ამისა, დაფარა 15 000-დოლარიანი დავალიანება.

23 იანვარს გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. შსს-ს ცნობით, 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

25 იანვარს მესაკუთრეთა დაცვის ცენტრის დირექტორმა, გიორგი სუხიტაშვილმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დარეჯან დვალი თანახმაა, ყოფილ მესაკუთრეს, მარინა ხატიაშვილს 90 000 დოლარის სანაცვლოდ გადასცეს კეკელიძის N1-ში მდებარე უძრავი ქონება.

კომენტარები