განათლების სამინისტრო

რექტორთა საბჭოზე 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამების შემოღება განიხილეს

23 იანვარს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, სადაც 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავების საკითხი განიხილეს.

საბაკალავრო პროგრამების ერთი წლით შესაძლო შემცირებაზე საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა, კოკა თოფურიამ ისაუბრა და განმარტა, რომ შესაძლოა, სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგიერთ მიმართულებაში დაშვებული იყოს 3-წლიანი ბაკალავრიატი. მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს იქნება ბიზნეს ადმინისტრირება.

"ზოგადად, განათლებისადმი მიდგომა იცვლება. თავიდან იყო 5-წლიანი საბაკალავრო სწავლება, შემდეგ 4-მდე შემცირდა, ახლა ევროპაში ბევრგან 3-წლიანია და უკვე დროული იყო, რომ ჩვენც გადავსულიყავით 3-წლიან სწავლებაზე. 

ის უნივერსიტეტები, რომლებიც ამისთვის მზად არ არიან, ალბათ, საბოლოო ჯამში, დროის მოთხოვნებს ვეღარ უპასუხებენ. უფრო მეტიც, რექტორის საბჭოზე მსჯელობა იმაზეც იყო, რომ თუ ტექნიკურად მოხერხდა და უნივერსიტეტებმა ამის შესაბამისად პროგრამების აკრედიტება მოასწრეს, უკვე სექტემბრიდან, მომდევნო აკადემიური წლიდან შესაძლებელი გახდეს სტუდენტებისთვის 3-წლიანი პროგრამების შეთავაზება.

ეს არ არის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დარჩება 4-წლიანი პროგრამები. შეიძლება, ზოგიერთ უნივერსიტეტში იარსებოს 3-წლიანმაც და 4-წლიანმა პროგრამებმაც". - თქვა თოფურიამ გადაცემა საქმიან დილაში.

კოკა თოფურიას განმარტებით, საქართველოს უნივერსიტეტი თანამედროვე მოთხოვნებს მორგებულია და 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავებაზე მუშაობას აპირებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამაც ისაუბრა და განმარტა, რომ ვადის შემცირება მაგისტრატურაზეც იგეგმება, თუმცა, მისი თქმით, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

"პირველები ვიყავით, ვინც რიგ მიმართულებებზე 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამები დავიწყეთ. დღეს ეს ვადა უკვე გვაქვს ბიზნესში, IT-სა და ტურიზმში. როგორც ჩანს, ეს მაგალითი დადებითი იმპულსი გახდა.

გადაწყვეტილება მიღებულია განათლების სამინისტროს მიერ, რომ ეს პირველ რიგში მოხდეს ბიზნეს მიმართულებებში და შემდეგ უკვე, ამას, დიდი ალბათობით, ტურიზმი დაემატება.

ყველა პროგრამაზე ეს ვერ გავრცელდება, მაგრამ ბიზნესსკოლის გადასვლა კონკურენციას გაზრდის. საშუალება გვექნება, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებიდან უცხოელი სტუდენტები მოვიზიდოთ, რადგან ბევრი ევროპის უნივერსიტეტი უკვე 3-წლიან განათლებაზეა გადასული.

ვადის შემცირება მაგისტრატურაზეც იგეგმება, თუმცა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კარგი იქნება, 1 ან 1.5-წლიანი რომ გახდეს, ესეც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი უცხოელი ჩამოვიდეს საქართველოში". - თქვა შენგელიამ.

კომენტარები