სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის საელჩო ასაფეთქებლებზე: ვიმედოვნებთ, ქართული მხარე პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს

საქართველოში უკრაინის საელჩო გამოეხმაურა სუს-ის მიერ 5 თებერვალს გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება, 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები აღმოაჩინეს. სუს-ის მტკიცებით, მათი გადატანა რუსეთში იგეგმებოდა. როგორც უკრაინის საელჩო აღნიშნავს, საქმის გარემოებებს სწავლობენ და პარალელურად, ქართულ მხარეს საქმის პოლიტიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 

"უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით.

საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.

გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით". - აღნიშნულია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

გასულ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა, ბაჩა მგელაძემ აღნიშნა, რომ "საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში".

სუს-ის მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე, ხოლო "პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ხალხის მსახური ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა".

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის საელჩოს განცხადებას ეხებოდა, აღნიშნა: 

"რას ნიშნავს, პოლიტიზება არ მოხდეს, საერთოდ კომენტარი არ გავაკეთოთ? ანუ არ გავახმაუროთ ამბავი? გამოიკვეთა კონკრეტული ადამიანები, რომლებთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმარტებები. ქვეყანა იყო უდიდესი რისკის, საფრთხის ქვეშ, დაჰბრალებოდა რუსეთში ტერაქტების მოწყობა. არავინ ახსენებს ასაფეთქებელი მოწყობილობების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში დარჩა და აქ რა იგეგმებოდა. ამაზე კიდევ ცალკე კითხვის ნიშნებია, რა იგეგმებოდა საქართველოში ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ეს დამატებით გამოძიებას საჭიროებს, გარკვეული მინიშნება, ალბათ, არის ამასთან დაკავშირებით. საქართველო, უნდა დაფიქსირებულიყო, როგორც კონფლიქტის მხარე, ტერაქტების მომწყობი და ხმა არ ამოვიღოთ, ამას გვთავაზობენ?"

კომენტარები