უბედური შემთხვევა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ასურეთზე: აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ასურეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სააგენტოს თანახმად, საჰაერო ბურთზე ყველა საჭირო შემოწმება ჰქონდათ ჩატარებული. განცხადებაში ასევე წერია, რომ სითბური აეროსტატი ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით მიფრინავდა და პილოტმა ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად საფრენოსნო გეგმა წარადგინა. 

"სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება". - ნათქვამია განცხადებაში 

ამასთან, განცხადებაში წერია, რომ სითბურ აეროსტატს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები მართავდნენ.

სააგენტოს მიხედვით, უბედური შემთხვევას  სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო იძიებს. 

"მოკვლევის ამ ეტაპზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები". - წერს სააგენტო. 

განცხადებაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და საავიაციო შემთხვევის გამო მწუხარება გამოთქვა. 

როგორც ცნობილია, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა. ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც  საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები