კრამბლების საქმე

15 წლის შვილის მიერ 4 მოსწავლის მკვლელობაში დედაც დამნაშავედ ცნეს – კრამბლების საქმე

კრამბლების საქმე

15 წლის შვილის მიერ 4 მოსწავლის მკვლელობაში დედაც დამნაშავედ ცნეს – კრამბლების საქმე

2021 წლის 26 ნოემბერს, შავ პარასკევს, ჯეიმს კრამბლიმ მიჩიგანის შტატის დაბა ოქსფორდის იარაღის მაღაზიაში ნახევრადავტომატური პისტოლეტი, 9 მმ-იანი Sig Sauer SP2022 იყიდა. მას თან ახლდა 15 წლის შვილი, ეთან კრამბლი.

სავარაუდოდ, იმავე დღეს, ეთანმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: "დღეს ჩემი ახალი სილამაზე მივიღე. 9 მმ-იანი SIG SAUER". პოსტში ტექსტს გულის ემოჯებიც ჰქონდა დართული.

27 ნოემბერს ეთანის დედამ, ჯენიფერ კრამბლიმ შვილი იარაღის გამოსაცდელად  სასროლეთში წაიყვანა და სოციალურ ქსელში დადო პოსტი წარწერით: "დედა და შვილი მის ახალ საშობაო საჩუქარს ტესტავენ".

29 ნოემბერს მადლიერების დღესთან დაკავშირებული არდადეგები დასრულდა და ოქსფორდის საშუალო სკოლაში სწავლა განახლდა. იმავე დღეს ეთანმა მასწავლებლის ყურადღება მიიპყრო - ის ინტერნეტში მობილური ტელეფონის საშუალებით საბრძოლო მასალებს ეძებდა. პედაგოგმა ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას შეატყობინა, მათ კი ჯენიფერ კრამბლის ხმოვანი შეტყობინება დაუტოვეს. ჯენიფერს შეტყობინებისთვის არ უპასუხია, ამიტომ ადმინისტრაციამ მას ელექტრონული წერილიც გაუგზავნა. პასუხი ისევ არ მიუღიათ.

მოგვიანებით, ჯენიფერმა შვილს მიმოწერისას უთხრა: "LOL [ხმამაღლა ვიცინი], არ ვბრაზობ შენზე. უნდა ისწავლო, რომ არ გამოგიჭირონ".

იმავე ღამეს ეთანმა ტელეფონში ვიდეოები ჩაიწერა, სადაც სკოლის მოსწავლეების დახოცვაზე საუბრობდა.

30 ნოემბერი – სროლა

ოქსფორდის საშუალო სკოლის საპარკინგე სივრცე სროლის შემდეგ
Eric Seals / USA TODAY NETWORK via Reuters

30 ნოემბერს ეთან კრამბლის მასწავლებელი მის ჩანაწერს წააწყდა. ფურცელზე დახატული ნახევრად ავტომატური იარაღი მიმართული იყო სიტყვებისკენ: "აზრები არ წყდება, მიშველეთ". იქვე იყო ტყვიის ნახატიც წარწერით: "ყველგან სისხლია". იარაღისა და ტყვიის გამოსახულებებს შორის დახატული იყო ადამიანი, რომელსაც ორი ნატყვიარი ჰქონდა და სისხლისგან იცლებოდა. აქვე მიხატული იყო "სმაილიც". ჩანაწერი შეიცავდა ფრაზებს: "ჩემი სიცოცხლე უსარგებლოა" და "სამყარო მკვდარია".

მასწავლებელი ჩანაწერმა იმდენად შეაშფოთა, რომ მას ფოტო გადაუღო და ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციასაც მიაწოდა. იმავე დღეს სკოლაში ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ეთანსა და მის მშობლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს ჯეიმსსა და ჯენიფერს მითითება მისცეს, რომ მომდევნო 48 საათის განმავლობაში შვილი ფსიქიატრიული კონსულტაციისთვის პროფესიონალთან მიეყვანათ.

ეთანის მშობლებს თავიანთი შვილის სახლში წაყვანაც ურჩიეს, თუმცა მათ ამ იდეას წინააღმდეგობა გაუწიეს. ეთანი საკლასო ოთახში დაბრუნდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მას იარაღი ედო ზურგჩანთაში, რომელიც არავის შეუმოწმებია.

იმავე დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე სამეთვალყურეო კამერა აღბეჭდავს ეთან კრამბლის, რომელიც საპირფარეშოში ზურგჩანთით შედის, ერთ წუთში უკან გამოსულს კი ხელში მხოლოდ იარაღი უჭირავს.

საპირფარეშოდან გამოსულმა მსროლელმა ცეცხლი გახსნა და დერეფანში "მეთოდური და მიზანმიმართული" სიარულით მოსწავლეების მიზანში ამოღება დაიწყო. სროლის ხმაზე მოზარდებმა გაქცევა დაიწყეს, კრამბლიმ კი "მეთოდური ტემპით" სიარული განაგრძო და საკლასო ოთახებში ესროდა მათ, ვინც გაქცევა ვერ მოახერხა. ასე გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თავდამსხმელი მეორე საპირფარეშოში შევიდა.

სროლის დაწყებასთან ერთად 911-ზე 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. მოსწავლეები შველას ითხოვდნენ. სამართალდამცავების ადგილზე მისვლის შემდეგ, კრამბლიმ იარაღი დადო და დანებდა.

დაახლოებით 13:15 საათზე ახალ ამბებში ოქსფორდის საშუალო სკოლაში მომხდარი სროლის გაშუქება დაიწყეს. 13:22 საათზე ჯენიფერ კრამბლიმ შვილს შეტყობინება გაუგზავნა: "ეთან, ნუ გააკეთებ ამას". 13:37 საათზე ჯეიმს კრამბლიმ 911-ზე დარეკა, ოპერატორს შეატყობინა, რომ მისი სახლიდან იარაღი დაიკარგა და რომ, სავარაუდოდ, სკოლაში მისი შვილი ისროდა.

ეთანმა 30-ზე მეტი ტყვიის გასროლა მოასწრო, 4 მოსწავლე მოკლა, კიდევ 6 მოზარდი და 1 მასწავლებელი კი დაჭრა. დაღუპულებს შორის იყვნენ 17 წლის მედისინ ბოლდუინი, 16 წლის ტეიტ მაირი, 14 წლის ჰანა სენტ ჯულიანა და 17 წლის ჯასტინ შილინგი. მსროლელმა ჰანა საკონტროლო ტყვიით მოკლა, ტეიტი საპატრულო პოლიციის მანქანაში, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა, ჯასტინი კი, რომელსაც თავდამსხმელმა, სიკვდილით დასჯის სტილში, მუხლებზე დაყენებულს ესროლა, მეორე დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1 დეკემბერს ეთან კრამბლის მკვლელობის, თავდასხმის, იარაღის ტარებისა და ტერორიზმის მუხლებით ბრალი წარედგინა. ჯენიფერ და ჯეიმს კრამბლებს პოლიცია 3 დღის განმავლობაში ეძებდა. ისინი პარასკევს, 3 დეკემბერს, დეტროიტში მდებარე საწყობში იპოვეს და წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სამუდამო პატიმრობა ვადაზე ადრე გათავისუფლების გარეშე

ეთან კრამბლი სასამართლო პროცესზე, 2023 წლის 8 დეკემბერი
Carlos Osorio/AP

ეთან კრამბლი თავდაპირველად ბრალს არ აღიარებდა, თუმცა, 2022 წლის 24 ოქტომბერს მან ტერორიზმის ბრალდების ერთ მუხლზე, პირველი ხარისხის მკვლელობის 4 მუხლსა და კიდევ 19 ბრალზე თავი დამნაშავედ ცნო.

კრამბლის საქმე არის იშვიათი შემთხვევა აშშ-ში, როდესაც სკოლაში მსროლელი ტერორიზმის მუხლით გასამართლდა. მიჩიგანის ოკლენდის ოლქის პროკურორის, კარენ მაკდონალდის თქმით, "არ არსებობს ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც მსროლელები უნდა გასამართლდნენ" და ტერორიზმის მუხლით კრამბლის ბრალი წარუდგინეს იმიტომ, რომ "ამ პიროვნებისთვის წარდგენილ ბრალდებაში ყველა მსხვერპლი ყოფილიყო წარმოდგენილი".

მსროლელს ტერორიზმის ბრალი მიჩიგანის კანონში ტერორისტულ აქტად განსაზღვრული ქმედების მესამე გარემოებით წარედგინა, რაც გულისხმობს "მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების ან იძულებისკენ მიმართულ მოქმედებას, ან დაშინების და იძულების გზით მთავრობაზე ან სამთავრობო ერთეულებზე გავლენის მოხდენას". პროკურორები თვლიდნენ, რომ სროლა ოქსფორდის საშუალო სკოლის საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება იყო.

აღიარებითი ჩვენებისას კრამბლიმ ასევე დაადასტურა, რომ სროლის დროს იარაღი სახლში მდებარე, დაულუქავი კონტეინერიდან აიღო, ზურგჩანთაში დამალა და ცეცხლის გახსნამდე პისტოლეტი ჩანთიდან საპირფარეშოში ამოიღო.

2023 წლის 29 სექტემბერს ოკლენდის ოლქის სასამართლოს მოსამართლემ, კვამე როუმ დაადგინა, რომ მსროლელის ქმედებები შტატის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის შესაბამისი იყო. პროცესზე როუმ ბრალდებულს უწოდა სროლის "ერთადერთი მონაწილე", რომელიც მეთოდურად დადიოდა სკოლაში და "ირჩევდა ვინ მომკვდარიყო".

თავისი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მოსამართლემ მოიყვანა კრამბლის მხრიდან ცხოველებზე დოკუმენტირებული ძალადობა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ბრალდებულმა ინტერნეტში ძალადობრივი შინაარსის გრაფიკული გამოსახულებების სანახავად ციხის ტექნიკურ დაცვასაც აუარა გვერდი.

მსროლელის საბოლოო განაჩენი როუმ 2023 წლის 8 დეკემბერს გამოაცხადა და 17 წლის კრამბლის მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე.

განაჩენით თავდამსხმელი გახდა პირველი არასრულწლოვანი აშშ-ში, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 2012 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც დაადგინა, რომ არასრულწლოვანისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება ვადაზე ადრე გათავისუფლების გარეშე არაპროპორციული ზომაა ყველასთვის, გარდა იშვიათი შემთხვევებისა.

განაჩენის გამოცხადებამდე კრამბლიმ სასამართლოს სიტყვით მიმართა.

"ძალიან ცუდი ადამიანი ვარ. ჩავიდინე ისეთი რაღაცები, რაც არავინ, არასდროს უნდა ჩაიდინოს". - თქვა ბრალდებულმა და დასძინა, რომ მის დანაშაულში მშობლებს წვლილი არ მიუძღვით, რადგან არ იცოდნენ, რის გაკეთებას გეგმავდა.

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი: დედაც დამნაშავეა

ჯენიფერ კრამბლი 6 თებერვალს გამოტანილი ვერდიქტის შემდეგ
Pugliano/Getty Images

ჯენიფერ კრამბლის სასამართლო 2024 წლის 25 იანვარს დაიწყო. მის საქმეს ნაფიც მსაჯულთა 6 ქალისა და 6 კაცისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა.

პროცესზე პროკურორები მსროლელის დედისთვის ცდილობდნენ უჩვეულო ბრალის დამტკიცებას, რომ სტუდენტების სიკვდილზე ისიც პასუხისმგებელია. კერძოდ, პროკურორები თავდამსხმელის მშობელს ადანაშაულებდნენ რისკების უგულებელყოფაში და სროლამდე ოთხი დღით ადრე შვილისთვის იარაღის ყიდვაში მაშინ, როდესაც ეთანი ფსიქიკურ პრობლემებს ებრძოდა და ძალადობისკენ იყო მიდრეკილი. ამასთან, პროკურორები მშობლის ბრალეულობას ხედავდნენ იმაშიც, რომ ფატალურ სროლამდე რამდენიმე საათით ადრე, სკოლის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ეთანის შემაშფოთებელი ნახატების შესახებ საუბრისას, იარაღი არ უხსენებია.

დაცვის მხარის ადვოკატის, შენონ სმიტის მტკიცებით, ჯენიფერ კრამბლიმ არ იცოდა მისი შვილის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების შესახებ და არ შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა, რომ ეთანი იარაღს სკოლაში სროლისთვის გამოიყენებდა. სმიტმა ბრალეულობა ჯენიფერის ქმრისკენ მიმართა, რომელმაც შვილს იარაღი უყიდა და დაადანაშაულა სკოლაც, რომელმაც, მისი თქმით, ეთანის პრობლემური ქცევის შესახებ დედას ვერ შეატყობინა.

მოსმენების დასრულების შემდეგ, 2024 წლის 6 თებერვალს 10-საათიანი განხილვის შედეგად ნაფიც მსაჯულთა 12-კაციანი კოლეგია საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეჯერდა. მათ ჯენიფერ კრამბლი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. მსროლელის დედას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასჯელის ზომა 9 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება.

მიუხედავად იმისა, რომ უგულებელყოფისა და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული ბრალდებებით მასობრივი სროლების მომწყობი არასრულწლოვანების მშობლებს აქამდეც ასამართლებდნენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდამსხმელის მშობელს მკვლელობებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

მსროლელის მამა, ჯეიმს კრამბლი იმავე ბრალდებით სასამართლოს წინაშე მარტში წარდგება. ჯენიფერის დაცვას და პროკურატურას ქალის ქმრის პროცესის დასრულებამდე საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ საუბარი აეკრძალათ.

კომენტარები