გიორგი გახარია

გახარია ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი

გიორგი გახარია
Screenshot/YouTube: Giorgi Gakharia

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ YouTube-ზე დაწყებული გადაცემის მორიგ ეპიზოდში ჟურნალისტ თეონა გეგელიას კითხვაზე, რატომ თქვა უარი მისმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში მონაწილეობაზე, თქვა, რომ პლატფორმის მიზანი "ბუნდოვანია".

"ამ ფორმატს რაც შეეხება, ძალიან მარტივად, ბუნდოვანია... ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი. ჩემი აზრით, ეს არის სპეციალურად გაკეთებული, სივრცეა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის დატოვებული. რა თქმა უნდა, იმ კონტექსტში, როდესაც დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ პლატფორმაში წარმოდგენილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსთან მიმართებით ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელ პოზიციას აფიქსირებდნენ... არ ვარ დარწმუნებული, ეს ადამიანები, რომლებიც წარსულში ასე იქცეოდნენ, რა მიზნით გამოიყენებენ მსგავს პლატფორმებს". - თქვა გახარიამ და დასძინა, რომ პრეზიდენტის ინიციატივებთან მის პარტიას არანაირი პრობლემა არ აქვს და "იმ შემთხვევაში, თუ აქედან რაღაც ხელშესახები ან პოზიტიური გამოვა, ხელის მოწერას წინ არაფერი უდგას".

საქართველოსთვის ლიდერის თქმითვე, ბუნდოვანება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ახლდა თან, "არ უნდა დახუროს ვიღაცა პოლიტიკურმა პარტიებმა, ეს ბუნდოვანება უნდა დახუროს თვითონ პრეზიდენტმა".

აღსანიშნავია, რომ 9 თებერვალს ინიციატივის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ევროპული საქართველოს წევრები. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი სურვილი არ აქვს პარტიების გაერთიანების და მეტიც, ამას "ძალიან ცუდ" იდეად მიიჩნევს.

6 თებერვალს პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.

კომენტარები