ბიძინა ივანიშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში ივანიშვილი "პრორუს ოლიგარქად" არის ნახსენები

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) 2024 წლის ანგარიშში საქართველოს ყოფილი პრემიერი, ქართული ოცნების ამჟამინდელი ე.წ. საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პრორუსი ოლიგარქი" და ნათქვამია, რომ ის პასუხისმგებელია ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე.

"რუსეთმა, შესაძლოა ვერ შეძლო საკუთარ ბანაკში ჩაერთო საქართველო, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთი, თუმცა ის კვლავ ცდილობს მათი დასავლური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლას. საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი, პრორუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ქვეყნის ბოლოდროინდელ დრამატულ დემოკრატიულ უკუსვლასა და, ქართველი საზოგადოების უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ, ევროკავშირისგან დაშორებაზე. რუსეთმა ასევე გამოიყენა მუქარა აფხაზეთსა სა სამხრეთ ოსეთში სეპარატიზმის წასახალისებლად, რათა დაეთესათ დესტაბილიზაცია." – წერია ანგარიშში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება. გასულ წლებში MSC გახდა ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც 70 ქვეყნიდან 350-მდე მნიშვნელოვანი პირი იკრიბება და საუბრობენ მომავლის გამოწვევებზე უსაფრთხოების სფეროში. ყოველწლიური კონფერენციის სტუმრებში შედიან სახელმწიფოთა ლიდერები, მთავრობების წარმომადგენლები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და ა.შ.

წელს კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები