რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდის ოლქში ნავთობსაცავში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა

აფეთქების შედეგი
ტელეგრამ-არხი 112

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში გუბკინის ნავთობსაცავში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ტელეგრამ-არხი SHOT წერს, რომ ეს უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგია.

ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა საკუთარ ტელეგრამზე გაავრცელა ცნობა, რომ გუბკინის საქალაქო ოკრუგში მოხდა აფეთქება, რის შემდეგაც "ინფრასტრუქტურულ ობიექტზე" ხანძარი გაჩნდა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა შენობაზე იყო ლაპარაკი, თუმცა SHOT-ის გარდა ანონიმურმა ტელეგრამ-არხმა 112-მა გაავრცელა ცნობა, რომ საუბარი იყო გუბკინის ნავთობსაცავზე, რომელზეც იერიში დრონით განხორციელდა. ამ არხის ცნობით, იწვოდა ერთი რეზერვუარი. 112-მა გამოაქვეყნა ხანძრის პირველი ფოტოც. ყველა წყარო ავრცელებს ცნობას, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერდა, რომ გასულ ღამეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ბელგოროდის ცაში სამი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

ამას გარდა, ვიაჩესლავ გლადკოვი წერდა, რომ ოლქის სასაზღვრო რაიონები ყუმბარმტყორცნების ცეცხლის სამიზნეც გახდა. მისი მტკიცებით ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს სოფელ შჩეტინოვკსა და კოზინკას, სოფელ დუბინოში კვადროკოპტერის ტიპის დრონიდან ჩამოაგდეს ასაფეთქებელი დანადგარი, ცეცხლი გაუხსნეს პრისელიეს დასახლებასაც და დრონი ჩამოაგდეს შებეკინოს საქალაქო ოკრუგში.

კომენტარები