რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ 13 მარტს, რუსეთის სამ სხვადასხვა რეგიონზე დრონებით თავდასხმა უკრაინის სპეცოპერაცია იყო.

როგორც უსაფრთხოების სამსახურს ანონიმურმა წყარომ Українська правда უთხრა, 13 მარტს, დრონებით შეუტიეს რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას – ქალაქ რიაზანში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში და ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში.

"ჩვენ სისტემურად ვახორციელებთ კარგად გათვლილ სტრატეგიას რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად. ჩვენი ამოცანაა მტრისთვის რესურსების შეზღუდვა და ნავთობის ფულისა და საწვავის ნაკადის შემცირება, რომელსაც აგრესორი პირდაპირ მიმართავს საომარ მოქმედებებსა და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობაში". - უთხრა წყარომ გამოცემას.

გასულ ღამეს დრონების სამიზნე გახდა რუსეთის შვიდი ოლქი: ბელგოროდის, ბრიანსკის, რიაზანის, ვორონეჟის, კურსკის, ლენინგრადისა და ლიპეცკის ოლქები. რიაზანის ოლქში ხანძარი გაჩნდა როსნეფტის შვილობილი კომპანიის ნავთობგადამამუშავებელ დაწესებულებაში.

გასულ დღეებში რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმები გახშირდა. ამას გარდა, 12 მარტს უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა ქვედანაყოფებმა საზღვარზე შეტაკებები წამოიწყეს. ბრძოლები კურსკისა და ბელგოროდის ოლქის საზღვარზე მიმდინარეობდა. პროუკრაინული ძალების მტკიცებით, მათ კურსკის მიმართულებით საზღვარი გაარღვიეს.

კომენტარები