აშშ-ისრაელი

Axios: აშშ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ორ ავანპოსტს დაასანქცირებს

AP Photo

ამერიკული გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ორ უკანონო ავანპოსტს დაასანქცირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს რამდენიმე დღეში მიიღებს. 

ინფორმაციას Axios-ი აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ორი ავანპოსტი დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში ექსტრემისტი მოსახლეების მიერ პალესტინელებზე თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა. 

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ არა მხოლოდ ინდივიდებს, არამედ მთლიანად ავანპოსტებს და დასახლებას დაასანქცირებს. ბაიდენის ადმინისტრაცია სულ უფრო აქტიურად მოუწოდებს ნეთანიაჰუს მთავრობას უპასუხოს ღაზის მიღმა არსებულ სხვა გამოწვევებს, მათ შორის დასავლეთ სანაპიროზე მოსახლეების პალესტინელებზე ძალადობას. გაეროს ჰუმანიტარული ოფისის (OCHA) ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის 31 იანვრამდე ამ დასახლებებში მოსახლეების მხრიდან პალესტინელებზე ძალადობის 500 შემთხვევა დაფიქსირდა. 

როგორც ცნობილია, აშშ-ს მიერ ავანპოსტების დასანქცირებას ასევე მოჰყვება სამი ისრაელელი მოსახლის დასანქცირებაც, რომელთა აშშ-ში არსებული ანგარიშები გაიყინება და მათ აშშ-ს ფინანსური სისტემების გამოყენება შეეზღუდებათ. 

2024 წლის 1-ელ თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო ორდერი, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევს სანქციები დაუწესოს ისრაელის მოსახლეებს, მთავრობას და პოლიტიკოსებს, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებში ჩართულები იქნებიან.

კომენტარები