რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Gunvor: დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთი დღეში 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს

Gunvor Group-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ტორბიორნ ტორნკვისტი

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად რუსეთი დღეში დაახლოებით 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს. ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში Gunvor Group-ის ხელმძღვანელმა ტორბიორნ ტორნკვისტმა ისაუბრა.

ნავთობის საერთაშორისო კომპანია Gunvor Group უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რუსული ნავთობით მოვაჭრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია იყო.

ტორნკვისტის თქმით, დრონებით თავდასხმების ფონზე, რუსეთიდან საწვავის ექსპორტი დღეში რამდენიმე ასეული ათასი ბარელით დაეცა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ ფონზე დიზელის საწვავის ფიუჩერსების ფასი ოთხჯერ გაიზარდა, ბენზინის ფიუჩერსების ფასი კი ექვსჯერ.

ამავდროულად, ბანკ JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე დღეში 900 000 ბარელით შემცირდა.

ბოლო კვირებში დრონებით თავდასხმის შედეგად, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ძლიერი ხანძარი გაუჩნდა და სრულად ან ნაწილობრივ მწყობრიდან გამოვიდა. თავდასხმების დიდ ნაწილზე უკრაინულმა მხარემ პასუხისმგებლობა აიღო. თავდასხმების მიზანი რუსეთისთვის ნავთობით მიღებული ფულისა და საწვავის ნაკადების შემცირებაა.

კომენტარები