არჩევნები 2024

სააკაშვილი: არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამნისტიის კანონს მივიღებთ

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს იმ საკითხებზე ისაუბრა, რის გაკეთებასაც, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა, გამარჯვების პლატფორმასთან ერთად, არჩევნების მოგების შემდეგ აპირებს.

"მინდა, ვილაპარაკო იმაზე, რა მოხდება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ - იმიტომ, რომ გამარჯვებაში ეჭვი საერთოდ არ მეპარება.

  1. პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, იქნება საპენსიო სესხების განულება. იმიტომ, რომ საპენსიო სესხების სისტემა არაადამიანურია. მას ჩვენ მთლიანად გავანულებთ.
  2. მეორე კანონი იქნება ის, რომ ქართველების უკან დაბრუნება გავამარტივოთ.
  3. იქნება ბიზნესის სტიმულირების ფონდის შექმნა. ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ მცირე ბიზნესები შეიქმნას. ადამიანებს შემოსავალი 2 000, 3 000 და 5 000 ლარი უნდა ჰქონდეთ. 
  4. ყველა ვალუტა უნდა გამოვიყენოთ, რათა გადახურდავებები და მუდმივი სპეკულაციები არ იყოს.
  5. ახლა გლეხები საკუთარის ნაცვლად, სხვის მიწებზე მუშაობენ. შემდეგი კანონი, რასაც მივიღებთ, ის იქნება, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ყველა მიწა კერძო საკუთრებაში გადავა, გლეხებს კი მათი გამოსყიდვისთვის შეღავათიანი პირობები ექნებათ. აგრარული სესხების პროცენტი 0-ზე ჩამოვა.
  6. შემდეგი კანონი ამნისტია იქნება. ეს სააკაშვილისთვის არ კეთდება. მოსამართლეებო, როცა ადამიანს ქურდობისა და ყაჩაღობისთვის ასამართლებთ [...] როგორც ჩემი პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ სიღარიბემ მოიმატა ორჯერ, ასევე, დანაშაულმაც ორჯერ მოიმატა. ამ ხალხს, ახალი ცხოვრების დაწყების შანსი უნდა მივცეთ. მილიონებს ვინც იპარავს, მას არავინ ეხება.
  7. საჭიროა დეცენტრალიზაცია. შემდეგი კანონი იქნება, რომ ყველა შემოსავლის 80% ადგილზე დარჩება". - თქვა სააკაშვილმა.

სააკაშვილი ამბობს, რომ  "თუ ასე გაგრძელდა", პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ და ამიტომ, გამარჯვების პლატფორმას ერთპიროვნულად ბრძოლა და გამარჯვება მოუწევს.

კომენტარები