თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

მედიაში კროკუს სითის ტერორისტების მანქანის ჯარიმების დროები გამოქვეყნდა – რა არის საეჭვო

კამერის მიერ დაფიქსირებული მანქანა, რომლითაც კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ  
Важные истории

პროექტი Важные истории და Медиазона რუსეთის საგზაო-საჯარიმო საიტ ОплатаГИБДД.рф-ზე დაყრდნობით კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელების მანქანის ჯარიმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ.

ტრასა M-3 უკრაინაზე განთავსებულმა კამერებმა დაშვებული სიჩქარის გადაჭარბების გამო ავტომანქანა, ნომრთი Т 668 УМ 69 ექვსჯერ დააფიქსირეს. მათ სიჩქარეს გადააჭარბეს ტრასის 45-ე, 46-ე, 49-ე, 73-ე, 81-ე, ბოლოს კი – 108-ე კილომეტრზე. 

კროკუს სითი ჰოლიდან გამოსულმა ავტომობილმა მოსკოვის ოლქი ადგილობრივი დროით 20:15-ზე დატოვა. სიჩქარის პირველი გადაჭარბება კამერებმა 20:43-ზე დააფიქსირეს, უკანასკნელი კი - 21:29-ზე. ამ დროისთვის მანქანა უკვე კალუგის ოლქის ობნინსკის რაიონში მდებარეობდა, მოსკოვის ოლქის საზღვრიდან არც თუ ისე შორს.

ჯარიმების მიხედვით, ავტომანქანა ძირითად შემთხვევებში 100 კმ/სთ-ზე ჩქარა გადაადგილდებოდა. მაქსიმუმი, 141 კმ/სთ 21:08-ზე დაფიქსირდა. მედიაში პირველი ცნობები, რომ ტერორისტები სავარაუდოდ სედანის ტიპის თეთრი ავტომობილით მიიმალნენ მოსკოვის დროით 22:51-ზე გავრცელდა.

21:29-ის შემდეგ ავტომანქანის ჯარიმები არ ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დარღვევები სისტემაში შეტანილი არაა, ან კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელებმა სიჩქარეს დაუკლეს. ამ დროს კამერები მანქანებს მაინც აფიქსირებს, თუმცა ინფორმაცია საჯაროდ არ ქვეყნდება.

რუსეთის სტრუქტურების ოფიციალური ვერსიით, მათ ბოროტმოქმედები M-3-ის 376-ე კილომეტრზე, უკრაინის საზღვრიდან 140 კილომეტრში, 23 მარტის ღამეს აიყვანეს. მათი დაკავების შესახებ ცნობა მხოლოდ 23 მარტის დილას, 11 საათზე გაავრცელეს. უცნობია, რატომ არ გააჩერეს მანქანა სამართალდამცველებმა სიჩქარის გადაჭარბების გამო.

როგორც მედიაზონა აანალიზებს, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, ოთხივე მათგანმა ტყეში მიმალვა სცადა. პირველი მუჰამმადსობირ ფაიზოვი დააკავეს. დეპუტატი ალექსანდრ ხინშტეინის ცნობით, 23 მარტის ღამის 3:50-ზე დააკავეს ხეზე ამძვრალი დალერჯონ მირზოევი. დანარჩენი ორი ეჭვმიტანილი: შამსადინ ფარიდუნი და საიდაქრამი მუროდალი რაჩაბალიზოდა ტყეში დილამდე იმალებოდნენ.

ამას გარდა, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვები, რომ მათ გზები გადაკეტეს და "ამიტომაც, მათ ბელარუსში შემოსვლა არანაირად შეეძლოთ. ისინი ამას ხედავდნენ" და "ამიტომაც, შემობრუნდნენ და წავიდნენ უკრაინა-რუსეთის საზღვრის მონაკვეთისკენ" ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინის მტკიცებას, რომ ტერორისტები თავდაპირველად მიდიოდნენ უკრაინის საზღვრისკენ, სადაც მათ ელოდნენ.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 139-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.

 

კომენტარები