ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

თელ-ავივში დემონსტრაციაზე ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრები დააკავეს

Reuters

თელ-ავივში დემონსტრაციაზე პოლიციამ ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრები დააკავა. თელ ავივში ტყვეების ოჯახის წევრები სხვა აქტივისტებთან ერთად ჰამასთან მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების ჩაშლას აპროტესტებდნენ. 

აქტივისტების ნაწილმა თელ-ავივის ქუჩები გალიებით გადაკეტა, სადაც თავად ისხდნენ და ამით მძევლების ტყვეობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით "არ არსებობს ზედმეტად დიდი ფასი". აქტივისტები ისრაელის მთავრობისგან მძევლების გათავისუფლებისთვის მეტის გაკეთებას და შეთავაზებულ პირობებზე დათანხმებას ითხოვენ. პოლიციის თქმით, აქტივისტები არეულობის და გზატკეცილის გადაკეტვის გამო დაიჭირეს. ისრაელის მედიის ცნობით, დაკავებულებიდან ორი ადამიანი ჰამასის ტყვეობაში მყოფი 79 წლის ავრაჰამ მუნდერის ოჯახის წევრები იყვნენ.

ბოლო მოლაპარაკების პროცესები კატარში უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ს შემოთავაზებულ ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტაზე და ტყვეების გაცვლაზე ისრაელი დათანხმდა, რის მიხედვითაც, ისრაელელი 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ 800 პალესტინელ პატიმარს ციხიდან გამოუშვებდა. აღნიშნულ შემოთავაზებაზე ჰამასის წარმომადგენლებმა უარი თქვეს და კიდევ ერთხელ დააზუსტეს, რომ პირობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ისრაელი სრულად გაიყვანს ჯარებს ღაზის სექტორიდან. 

როგორც ცნობილია, ღაზის სექტორში ჰამასის ტყვეობაში ჯერ კიდევ 130 ისრაელელი ტყვე იმყოფება. ამავდროულად, ჰამასი ისრაელს ვერ აწვდის ინფორმაციას, თუ ვინ არის ცოცხალი და გარდაცვლილი ამ მძევლებიდან. 

კომენტარები