ფეხბურთი

ქართული საფეხბურთო სიმღერების ისტორია – "ოქროს ბიჭებიდან" "გაიღიმემდე"

ფეხბურთი

ქართული საფეხბურთო სიმღერების ისტორია – "ოქროს ბიჭებიდან" "გაიღიმემდე"

2024 წლის 26 მარტს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 

მთელი თამაშის განმავლობაში გულშემატკივრები მერაბ სეფაშვილის ჰიტს, გაიღიმეს მღეროდნენ. სიმღერას თავისთავად ფეხბურთთან კავშირი არ აქვს, თუმცა წინასწარმეტყველური ტექსტიდან ("შენთვის, შენთვის ვმღერი, ზღაპრის ბოლო კეთილია") გამომდინარე, ნაკრების ოფიციალურმა ქომაგებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გია მაჭარაშვილის კომპოზიცია (ტექსტის ავტორი - ირმა სოხაძე) საფეხბურთო ჰიმნად აქციეს.

მსგავსი პრაქტიკა არახალია, მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ლივერპულის ჰიმნი You Never Walk Alone, რომელიც საერთოდ ამერიკული ბროდუეის სპექტაკლისთვის დაწერილი ნაწარმოებია, იგივე გრანდის გულშემატკივრებს ბოლო დროს ატაცებული აქვთ კელვინ ჰარისისა და დუა ლიპას საცეკვაო ჰიტი One Kiss.

იგივე კატეგორიაში გადის ტოტენჰემის ფანების მიერ Puma-ს დაკვეთით ჩაწერილი Savage Garden-ის რომანტიკული ბალადა Truly Madly Deeply და მილანის ფანების მიერ ატაცებული Ricchi E Poveri-ის იტალიური პოპ სიმღერა Sarà perché ti amo.

გაიღიმემდე ეროვნულ გუნდს, ისევე, როგორც ქართულ კლუბებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ფაქტობრივად საქართველოს ნაკრების ალტერნატივად ითვლებოდნენ არაერთი ჰიმნი თუ საფეხბურთო სიმღერა გააჩნდა.

ამ მხრივ რეკორდსმენი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი თბილისის დინამო არის. სხვადასხვა დროს დედაქალაქურ კლუბს ანსამბლები ორერა და ივერია უმღეროდნენ.

1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, ლურჯ-თეთრ მაისურებიან ფეხბურთელებს ოქროს ბიჭები შეარქვეს, სწორედ მათ ეძღვნებათ ანსამბლ ორერას სიმღერა ოქროს ბიჭებს, რომლის ავტორი კომპოზიტორი გოგი ცაბაძეა.

ორერას რეპერტუარში დინამოსადმი მიძღვნილი კიდევ ერთი სიმღერა გვხვდება:

დღემდე ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო სიმღერად ვაჟა აზარაშვილის დინამო, დინამო რჩება. გავრცელებული აზრის თანახმად, კომპოზიცია 1981 წელს, თასების მფლობელთა თასის მოპოვების შემდეგ გამოვიდა, თუმცა, როგორც თავად აზარაშვილი იხსენებს ცნობილი ჰიტი 1976 წელს, საბჭოთა კავშირის თასის მოპოვებიდან მეორე დღეს დაიწერა. 

"ოჯახის წევრები და მეზობლები რომ არ გამეღვიძებინა, დილაუთენია სამზარეულოში შევედი, დიდხანს ვიფორიაქე და ბოლოს მელოდიად გადმოიღვარა ჩემი გულის ძახილი. მეორე დღესვე მორის ფოცხიშვილთან მივედი და მუსიკა მოვასმენინე.

მან შესანიშნავი ტექსტი დაწერა. ასე შეიქმნა დინამო-დინამო, რომელიც ალექსანდრე ბასილაიას ხელმძღვანელობით ივერიამ მთელ ქვეყანას ამცნო. ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა ერმა შეიყვარა ეს სიმღერა და დღესაც სიამოვნებით უსმენს მას". – იხსენებს აზარაშვილი გამოცემა ლელოსთან ინტერვიუში.

თითქმის 50 წლის განმავლობაში სიმღერის არაერთი ქავერი და რემიქსი გამოვიდა:

80-იან წლებში აზარაშვილმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქართულ საფეხბურთო გამარჯვებას მიუძღვნა სიმღერა. 1986 წელს ლანჩხუთის კლუბი გურია საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადავიდა, 1988 წელს კვლავ ივერიის შესრულებით გამოვიდა სიმღერა გურია.

90-იან წლებში, ეროვნული თვითგამორკვევის პერიოდში სტადიონებზე საფეხბურთო ჰიმნები პატრიოტულმა სიმღერებმა ჩაანაცვლა. ყველაზე პოპულარული ალბათ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე დაწერილი მამუკა ჩარკვიანის მუსიკით გაფორმებული და ქართული ხმების მიერ შესრულებული ჰიმნი თავისუფლებას იყო.

2000-იანი წლების დასაწყისში ოფიციალური ფანკლუბის ჩამოყალიბებასთან ერთად გამოჩნდა ახალი ჰიმნიც, რომელიც იმ დროს პოპულარული როკ ბენდის, Str!ng-ის ფრონტმენმა, დათო ლომიძემ შეასრულა. 

მიუხედავად აკვიატებადი ტექსტისა და საფეხბურთო ჰიმნისთვის დამახასიათებელი საბრძოლო მუსიკისა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ ახალი დინამო-დინამო ვერ გახდა. ამას უფრო იმდროინდელი ნაკრების წარუმატებლობის სერიამ შეუწყო ხელი და არა თავად კომპოზიციამ, რომელსაც ნამდვილად კარგი პოტენციალი აქვს კვლავ გახდეს მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ჰიმნი მაინც.

2022 წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრები ქომაგების წინაშე ახალი იდენტობით წარსდგა. მე ვარ საქართველო – ასე ჟღერს გუნდის ახალი სლოგანი, არ დააყოვნა ახალმა ჰიმნმაც, რომელიც აჩიკო გულედანსა და ბექა ჯაფარიძე-შუკვანს ეკუთვნის.

მარტის თამაშებამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთი საფეხბურთო ჰიმნი ჩაიწერა. ინიციატივა Geo_Teams-ს ეკუთვნის, ტრეკის ჩაწერაში კი რეპერმა BXNNY და ქომაგებმა მიიღეს მონაწილეობა. კომპოზიცია დღევანდელი მუსიკალური სცენის წამყვანი მიმართულების, ჰიპ-ჰოპის ჟანრშია გადაწყვეტილი და ახალგაზრდა გულშემატკივრისთვის ჩვეულ ენაზეა შესრულებული. ვასახელოთ საქართველო ე.წ. TikTok თაობაზეა გათვლილი. ამიტომ, არც არის გასაკვირი, რომ პლატფორმაზე ვიდეომ, მცირე დროში, ათასობით ნახვა და გაზიარება მოიპოვა.

დღეს, როდესაც ისტორიული გამარჯვებიდან ასე ცოტა დროა გასული, გულშემატკივრების დიდი ნაწილი გაიღიმეს ღიღინებს. წინ ქართველ ქომაგებს კიდევ არაერთი გამარჯვება და ახალი ჰიმნი ილოდება, იქამდე კი გადავიმეოროთ ჯანსუღ კახიძის მიერ ამ სტატიის შესაფერისი ფილმისთვის დაწერილი კომპოზიცია, რომელიც ზედმიწევნით გადმოსცემს იმ სულისკვეთებასა და სილაღეს, რომელიც ქართულ ფეხბურთს 1907 წლის 23 თებერვლიდან მოჰყვება. 

კომენტარები