რუსული კანონი

კუბილიუსი რუსული კანონის რეინიცირებაზე: ეს რეალურად კრემლის ენაა

Baltics.news

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა "გამჭვირვალობის" კანონპროექტი, რომელიც დღეს დილით მამუკა მდინარაძემ დააინიცირა იგივე კანონია, რომელიც ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ თვითონვე გამოიწვია პარლამენტიდან. 

კუბილიუსი ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან ეს სვლა, შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანიასაც უკავშირდებოდეს. 

მისი თქმით, ქართული ოცნების დღევანდელი განცხადება პირდაპირ იმეორებს კრემლის ნარატივებს.

"ეს იგივე რუსული კანონია, რომელიც ცოტა ხნის  წინ უკან გაიწვიეს, რადგან ამას ქართული საზოგადოებისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ახლა საკითხავია, თუ რატომ შემოაქვთ  ისევ უკან. შესაძლოა ეს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს და ახლა პოლარიზაციის გაზრდა სჭირდებათ. გარდა ამისა ისინი ადასტურებენ, რომ არა აქვთ არანაირი წითელი ხაზი და ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები. ქართული ოცნების განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით. ეს არის სიძულვილის  ენა, არასამთავრონო ორგანიზაციების და ოპოზიციის მიმართ, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, აშშ-ის მიმართ და ა.შ . ეს რეალურად კრემლის ენაა და ამით ქართული ოცნება ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს, რის გამოც ბრიუსელში უარყოფითი რეაქცია ექნებათ." – მთავარი არხის ცნობით, თქვა ევროპარლამენტარმა მათ ეთერში.  

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები