რუსული კანონი

რუსული კანონით საქართველომ შესაძლოა, გერმანიაში უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დაკარგოს

აქცია პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ, 2024 წლის 17 აპრილი.
ლუკა ახალაია/ტაბულა

გერმანიის მმართველი "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" (SDP) მიხედვით, შესაძლოა, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველომ "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის" სტატუსი ხელმეორედ დაკარგოს.

SDP-ის ბუნდესტაგის წევრმა ჰელგე ლინდმა ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ "გერმანიის ფედერალური მთავრობა აქტიურად აკვირდება [საქართველოში] პოლიტიკური მდგომარეობის განვითარებას და ამოწმებს, თუ რამდენად არის პირობები დაკმაყოფილებული". მისი თქმით, თუკი აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობას პოლიტიკური დევნის საშიშროება აქვს, ამას "შესაბამისი შედეგები მოჰყვება".

საქართველომ მოლდოვასთან ერთად "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის" სტატუსი 2023 წლის იანვარში აღიდგინა, რადგან ფედერალური მთავრობის თქმით, აღნიშნულ ორ ქვეყანაში მოსახლეობა პოლიტიკური დევნის საფრთხის ქვეშ ძირითადად არ იმყოფება.

გერმანიაში ამ სტატუტის მინიჭება-არმინიჭების მიზანი მიგრაციასთან გამკლავების გამარტივებაა: თუკი თავშესაფრის მაძიებელი პირი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდან არის, მაშინ მისი განაცხადის განხილვის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს და თავშესაფარზე უარის თქმაც უფრო მარტივად ხდება.


ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე არცერთი დეპუტატი. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

კომენტარები