რუსული კანონი

როგორც სპორტში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში – კობახიძე "დინამო თბილისის" მფლობელზე

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსულ კანონზე საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის პოზიცია გააკრიტიკა და კლუბის მფლობელსა და პრეზიდენტს, რომან ფიფიას დინამოსთვის საზიანო ქმედებებში დასდო ბრალი.

"ცოტა ხნის წინ, ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის თბილისის დინამოს ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. აი ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს.

ეს ადამიანები თბილისის დინამოს სახელით, სპორტული კლუბის სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც, თბილისის დინამოს სახელით - რა შუაშია თბილისის დინამო - გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სწორედ კლუბის სახელით. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი.

ეს არის იმ  პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რომელმაც მიიყვანა ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე. ჩვენ დაგვჭირდა წლები იმისათვის, რომ მაშინ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენს სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღევანდელ დღეს". - თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

10 აპრილს დინამო თბილისმა Facebook-ზე რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!"

კომენტარები