რუსული კანონი

რატომ არის "რუსული კანონი" რუსული და რას ნიშნავს ის ქართული დემოკრატიისთვის? 

რუსული კანონი

რატომ არის "რუსული კანონი" რუსული და რას ნიშნავს ის ქართული დემოკრატიისთვის? 

დაპირებები ისევ ირღვევა.

მას შემდეგ, რაც ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ერთი წლის წინ აიძულა მმართველი პარტია, გაეწვია უცხოური გავლენის შესახებ კანონი, ქართულმა ოცნებამ ხელახლა დააინიცირა შინაარსობრივად იდენტური კანონპროექტი. მმართველმა გუნდმა პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

ისევე, როგორც გასული წლის ვერსია, ეს კანონპროექტი ავალდებულებს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები), რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ უცხოური წყაროებიდან, დარეგისტრირდნენ როგორც "უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები". სამუშაო დოკუმენტის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კანონპროექტი ფორმალურად არ ზღუდავს უცხოური ინტერესების გამტარებლად რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობას, თუმცა, კანონპროექტისა და არსებული პოლიტიკური კონტექსტის სიღრმისეული ანალიზი აჩენს ეჭვს ამ დებულების მართებულობაში. 

საქართველოს 33-წლიანი, დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ მიმავალი ისტორია გაჟღენთილია პოლიტიკური არასტაბილურობით, კორუფციით, უფლებამოსილების გადაჭარბებისა და სხვა არადემოკრატიული ინციდენტებით. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება მუდმივად მუშაობდა დემოკრატიული ღირებულებების განსავითარებლად. პარალელურად კი, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მტკიცებულებები ყოველკვირეულად ჩნდება. 

სხვადასხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მხარს უჭერს ღირებულებებზე დაყრდნობილი პოლიტიკის წარმოებას, რომელიც შეესაბამება ევროპულ პრინციპებს - უმცირესობების უფლებების დაცვა, განათლება, ბორდერიზაცია და სასამართლოს მიუკერძოებლობა. მართალია, ეს ორგანიზაციები დიდი ოდენობის დაფინანსებას იღებენ ევროპული წყაროებიდან, თუმცა, მათი ქმედებები უპირველეს ყოვლისა ემსახურება საქართველოს კონსტიტუციურ მიზანს - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ეს მიზანი არ არის საქართველოს კონსტიტუციის დეკორატიული ნაწილი, არამედ იმ ამბიციის დასტურია, რომ საქართველოს შეუძლია, ააშენოს სტაბილური პოლიტიკური სისტემა, რომელიც ევროკავშირის სისტემასთან იქნება თავსებადი. შესაბამისად, ნებისმიერი საქმიანობის შემზღუდველი მცდელობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ამ მიზანს ემსახურებიან, არის პირდაპირი შეტევა დემოკრატიული კონსოლიდაციის პერსპექტივაზე და შემდგომში ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ცენზურის ქვეშ მოქცევა და საქმიანობის შეზღუდვა არ არის მხოლოდ ჰიპოთეტურად საშიში. ჩვენს ეჭვებს აღრმავებს რუსული კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობის გამოცდილება, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, შეეწყვიტათ თავიანთი საქმიანობა, კანონის მიღებიდან რამდენიმე წელიწადში. ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, ქართველი ხალხი სამართლიანად სვამს კითხვას, მოაქვს თუ არა ამ კანონპროექტს რუსეთის ინტერესებისთვის სარგებელი. საქართველოს პოლიტიკურ მეინსტრიმზე რუსეთის ღრმად ფესვგადგმული გავლენის გათვალისწინებით, პროდასავლური და პროდემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების დასუსტება უფრო დიდ შესაძლებლობებს უქმნის კრემლს, სრულად დაიმორჩილოს ქართული პოლიტიკური რეალობა რბილი ძალის გამოყენებით და დაბლოკოს საქართველოს მისწრაფება, დაიკავოს თავისი კანონიერი ადგილი დასავლურ ცივილიზაციაში. 

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ კანონპროექტი შეერთებული შტატებისა და ევროპის კანონმდებლობის ანალოგია, რომელიც მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს არასასურველ, საგარეო პოლიტიკურ გავლენას; თუმცა ეს ასე არ არის. GD ამტკიცებს, რომ მათი ოპონენტები კანონპროექტს არასამართლიანად  მოიხსენიებენ, როგორც "რუსულ კანონს“ იმის საფუძველზე, რომ არასასურველი, საგარეო პოლიტიკური გავლენის საწინააღმდეგო კანონმდებლობა ასევე არსებობს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში (ზოგიერთი წევრი ქვეყნის პარლამენტში, ევროპარლამენტსა და კომისიაში). თუმცა, სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს არსებით განსხვავებებს კანონპროექტებს შორის. 

ევროპული კანონმდებლობა კონკრეტულად მიმართულია პოლიტიკური აქტივობის წინააღმდეგ, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესებს "უცხოური აგენტების“ საქმიანობის მეშვეობით. ქართული ოცნების კანონპროექტი არ მოიცავს მსგავს ვიწრო განმარტებას და პოლიტიკური ძალაუფლების არმქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს "უცხოური აგენტების” ჩარჩოს  ქვეშ აქცევს. 

შესაბამისად, ქართული ოცნების არგუმენტი არ არის მართებული, რადგან ევროკომისიაში ამჟამად განხილული დირექტივა, "განურჩევლად არ ვრცელდება არც ერთ სუბიექტზე, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას იღებს საზღვარგარეთიდან“.

1. ამ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგია შემუშავებულია აუცილებელი ჩამკეტი მექანიზმების გათვალისწინებით და "მიზნად ისახავს მხოლოდ იმ საქმიანობებს, რომლებსაც ნამდვილად ექნებათ მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე, გამჭვირვალობის მოთხოვნების დაწესება, რომელიც შეიძლება გამართლებული იყოს საჯარო ინტერესით“. გარდა ამისა, ევროპარლამენტის სარეკომენდაციო დოკუმენტი პირდაპირ ეხება ანტიდემოკრატიული საგარეო პოლიტიკის მქონე ქვეყნების ინტერესთა გამტარებელ სუბიექტებს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, ირანის და სხვები, რომლებიც წარმოადგენენ რაციონალურ ეჭვს, რომ არასასურველი პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ ევროკავშირის პოლიტიკაში;

2. ქართული კანონპროექტი არა მხოლოდ არ განასხვავებს პოლიტიკურ და, უფრო ფართო, სოციალურ გავლენებს, ის ასევე არ ასახელებს იმ ქვეყნებსა თუ სუბიექტებს, რომელთა წინააღმდეგ არის ის მიმართული. კანონპროექტში ასეთი ნაცრისფერი ზონა ბადებს ეჭვს იმის შესახებ თუ ვის წინააღმდეგ აპირებს მმართველი პარტია კანონის გამოყენებას. 

ქართულ კანონპროექტსა და შეერთებული შტატების კანონმდებლობის შორის არსებობს მკაფიო განსხვავება, რომლის უგულებელყოფას ქართული ოცნება ცდილობს. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA)3, რომელიც ძალაში შევიდა 1938 წელს, მოითხოვს რეგისტრაციას "ნებისმიერი პირის, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, თანამშრომელი ან მოსამსახურე, ან ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს ნებისმიერი სხვა უფლებამოსილებით ბრძანების მოთხოვნით ან უცხოელი ინტერესის მქონე პირის ხელმძღვანელობით ან კონტროლით“.

FARA განსაზღვრავს უცხოელ აგენტს, როგორც ინდივიდს ან ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ ან სხვა პირის მეშვეობით ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას შეერთებულ შტატებში უცხოელი ინტერესის მქონე პირის დავალებით ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს განსხვავება გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს, რომ FARA შეიძლება გამოყენებულ იქნას ცენზურის ან სხვაგვარად საბრძოლველად არაპოლიტიკურ აქტორებთან, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ სოციალურ სფეროში და არ გააჩნიათ კანონმდებლობის შემუშავების ან ლობირების უფლებამოსილება. ასეთი სახის დაზუსტება ქართული ოცნების კანონპროექტში არ იკვეთება. 

ქართული ოცნების ბოლოდროინდელი აგრესიული რიტორიკა ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნის მიმართ და მათი გარდაქმნა უაღრესად კონსერვატიულ პარტიად - რომელსაც, თავიანთი თქმით, ევალება ტრადიციული ღირებულებების დაცვა "დასავლური გარყვნილებისგან" - მიუთითებს იმაზე, რომ კანონი შეიძლება გამოიყენონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც მოქმედებენ სოციალურ სფეროში და ხელს უწყობენ ლიბერალურ ღირებულებების დამკვიდრებას საქართველოში. საქართველოს ევროატლანტიკური პარტნიორების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი მხარდაჭერის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ დასავლურად ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოში საქმიანობისას დაბრკოლებები შეექმნას. 

შესაძლოა, რომ კანონპროექტის ზოგიერთ, ოპტიმისტ მოწინააღმდეგეს სჯეროდეს, რომ ქართულ კანონპროექტსა და მის დასავლელ ვარიანტებს შორის შეუსაბამობა ახსნადია მმართველი პარტიის სამართლებრივი არაკომპეტენტურობით. (საბედნიეროდ, მსგავსი პოზიცია მმართველი პარტიის აქტივობის შესახებ დღესდღეობით ძალიან იშვიათად მხვდება). ეს კანონპროექტი სრულიად თანხვედრაშია ქართული ოცნების ელექტორალურ სტრატეგიასთან. ქართული ოცნების საარჩევნო ხელწერა ბოლო ათწლეულის მანძილზე იყო მათი ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინა მმართველი პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრად გამოცხადება. ასეთი რიტორიკა მიმართულია არა მხოლოდ შიდა ოპონენტების მიმართ, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება, არამედ დასავლელი მოკავშირეებისაც, რომლებიც აკრიტიკებდნენ ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის წარმართვას. ამ სტრატეგიის მეშვეობით შეიქმნა შეთქმულების თეორია, რომელიც ირწმუნება გლობალური ნაციონალური მოძრაობის/ომის პარტიის არსებობას.

პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების შორის საზღვრების გაბუნდოვანება კანონპროექტის უპირველესი მიზანია. ის ასახავს ცრუ რეალობას, რომელშიც პოლიტიკური სპექტრი საქართველოში მხოლოდ ორ პარტიას შეიძლება მოიცავდეს და ხელისუფლების ოპონენტები ავტომატურად უნდა უჭერდნენ მხარს ნაციონალურ მოძრაობას. ეს მოცემულობა აუცხოებს გარკვეულ ოპოზიციურ ამომრჩეველს პოლიტიკური პროცესისგან. ეს ართულებს ახალი პარტიებისთვის მხარდაჭერის მოგროვებას და ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში მონაწილეობას. ეს კანონპროექტი ამ შეუსაბამობის რატიფიცირებას მოახდენს საქართველოს კანონმდებლობაში და შექმნის სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ბარიერებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა არაპოლიტიკურად ორიენტირებული აქტორების საქმიანობისთვის. 

ქართველ ხალხს ნათლად ესმის, თუ რა დგას დღეს სასწორზე. არაგონივრული იქნება, ვინმემ დაიჯეროს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩუმად შეეგუებიან მათი წინაპრების მისიის, დასავლურ სამყაროში მათი კანონიერი ადგილის დაკავების უგულებელყოფას.

ბოლო დღეების ისტორიულად მასობრივი დემონსტრაციები ამ სულისკვეთების დასტურია. ქართული სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მამოძრავებელი ძალა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის.

ამგვარად, ნებისმიერი მცდელობა, შეზღუდოს მათი შესაძლებლობები, ემსახურონ ქვეყანას, ყოველთვის შეხვდება უძლეველ წინააღმდეგობას.

მე ამაყი ვარ, რომ ვეკუთვნი იმ თაობას, რომელიც საკუთარ ხელში იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ კეთილდღეობაზე კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ. 

კომენტარები