რუსული კანონი

ომბუდსმენი შსს-ს: არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა, არ გამოიყენოთ ძალა

ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი შსს-ს მიმართავს, არ გამოიყენოს ძალა პარლამენტთან მიმდინარე შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ. ასევე, ომბუდსმენი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.

"სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით ამ ეტაპზე (29 აპრილი, 00:30სთ) არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს, შესაბამისად სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.

ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს" - აცხადებს ომბუდსმენი.


პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების ნაწილს სცენაზე ასვლა სურდათ, თუმცა, სამართალდამცველები ადგილს ქართული ოცნების 29 აპრილს დაგეგმილი კონტრაქციისთვის იცავენ. შსს-მ სპეციალური საშუალება გამოიყენა, მიზეზად კი, აქციის "ძალადობრივი ხასიათი" დაასახელა. 

ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.

კომენტარები