საქართველო-ჩინეთი

28 მაისიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსლვა იმოქმედებს

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს 28 მაისიდან ჩინეთში უვიზოდ გამგზავრებისა და ქვეყანაში ზედიზედ 30 დღის გატარების საშუალება ექნებათ. 

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოი ციენმა შეხვედრაზე ისაუბრეს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას".

"საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით". - წერია განცხადებაში. 

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ 26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ დარჩენა 30 დღე შეეძლებათ.

საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ცალმხრივად, გასული წლის 11 სექტემბრიდან აამოქმედა. განკარგულებას ხელი მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. 

"მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან როგორც ერთერთი ყველაზე სასურველი ტურისტები, მთელ მსოფლიოში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც, მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც“,- განაცხადა ღარიბაშვილმა და ჩინეთის მთავრობის "ეფექტურობას" გაუსვა ხაზი.

კომენტარები