საქართველო-აშშ

კონოლი და სკოტი: აგენტების კანონი პუტინისას ჰგავს და საქართველო გზიდან გადაჰყავს

მარცხნივ - გერი კონოლი, მარჯვნივ - ოსტინ სკოტი

აშშ-ს დემოკრატი კონგრესმენი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი კონგრესმენი ოსტინ სკოტი ქართული ოცნების რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

კონოლიმ, როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, X-ზე დაწერა, რომ ის შეშფოთებულია "უცხოელ აგენტთა კანონით" და სრული განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში კონგრესმენები იხსენებენ, როგორ მიიღო მსგავსი კანონი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რათა საკუთარი დიქტატურა გაემყარებინა და ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი პუტინის მიერ მიღებულს ჰგავს. მათ მხარდაჭერა გამოთქვეს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და მთავრობას მოუწოდეს, ყური უგდონ მოქალაქეთა მოთხოვნებს. კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ ამ კანონით საქართველო გზას გადაუხვევს.

"2012 წელს, ძალაუფლების მესამე ვადით ხელში ჩაგდების შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა "უცხოელი აგენტების კანონს", რომ პოლიტიკურ აქტიურობაში ჩართულ და უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებისთვის უცხოელ აგენტებად რეგისტრაცია მოეთხოვა. პუტინმა ეს "უცხოელი აგენტების კანონი" გამოიყენა სიტყვის თავისუფლების დრამატულად შესაზღუდად, რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად და საკუთარი დაუნდობელი მმართველობის დიქტატურის გასამყარებლად. წამოყენება და დაწინაურება კანონპროექტისა, რომელიც პუტინის ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტს ჰბაძავს, საოცრად შემაშფოთებელია საქართველოს რესპუბლიკისთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. კვლავ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ გაერთიანებისკენ წინსვლაში და ლიდერების მოვუწოდებთ, ყური დაუგდონ მათ მოწოდებებს სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობისა და შეუფერხებლობისკენ, დამოუკიდებელი სასამართლოსკენ და მთავრობის მიერ კანონის უზენაესობის პატივისცემისა და კორუფციაში ჩართულთა პასუხისგებაში მიცემისკენ. სამწუხაროდ, "უცხოელ აგენტთა კანონი" ვლადიმირ პუტინის მსგავსია და საქართველო გზიდან გადაჰყავს." – წერია განცხადებაში.

 
 

კომენტარები