ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტში პროჰამასელი აქტივისტები შენობის დაკავებას ცდილობენ

პროჰამასელი დემონსტრანტების კარვები აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტში

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტში პროჰამასელმა დემონსტრანტებმა უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ძალით დაკავება დაიწყეს. X-ზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ამსხვრევენ აქციის მონაწილეები შენობის ფანჯრებს და მასში შეჭრას ცდილობენ.

უკვე თითქმის ორი კვირაა, რაც აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტში პროჰამასური დემონსტრაციები მიმდინარეობს, რასაც ასობით სტუდენტისა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობის წევრების დაკავება მოჰყვა.

დემონსტრანტებმა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კარვები 17 აპრილიდან გაშალეს და მრავალდღიანი, განუწყვეტელი პროტესტი დაიწყეს. აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს აპროტესტებენ და უნივერსიტეტს მოუწოდებენ, ბიზნეს საქმიანობაში არ ჩაერთოს იმ კომპანიებთან, რომლებიც, მათი აზრით, ომს უჭერენ მხარს.

მოგვიანებით, 22 აპრილს, კოლუმბიის უნივერსიტეტმა გამოაცხადა, რომ უნივერსიტეტში პირისპირ სწავლება შეწყდებოდა. ამასთანავე, New York Times-ის ცნობებით, კამპუსის ტერიტორიაზე კოლუმბიის უნივერსიტეტთან არანაირი კავშირის მქონე პირები იმყოფებოდნენ, რომლებიც ებრაელ სტუდენტებს მიზანში იღებდნენ და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ.

ბოლო გადაწყვეტილებით, კოლუმბიის უნივერსიტეტმა იმ სტუდენტების სტატუსის შეჩერება დაიწყო, რომლებიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოწოდების მიუხედავად, კამპუსზე გაშლილ კარვებს არ ტოვებენ.  უნივერსიტეტი სტუდენტებს ადმინისტრაციული სასჯელით იმ შემთხვევაში დაემუქრა, თუკი ისინი უნივერსიტეტის ტერიტორიას 30 აპრილს ადგილობრივი დროით შუადღის 2 საათამდე არ დატოვებდნენ.

ვადის გასვლიდან რამდენიმე საათში კოლუმბიის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ვიცეპრეზიდენტმა ბენ ჩანგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტების ადმინისტრაციული სასჯელით დასჯის პროცესი დაიწყო. მისი თქმით, სტუდენტები მიმდინარე სემესტრის დასრულებას, ან უნივერსიტეტის დამთავრებას, ვერ შეძლებენ. ამასთანავე, მათ კამპუსებსა და აკადემიურ შენობებში შესვლა აეკრძალებათ.

დემონსტრანტებმა უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის დაკავების პროცესი სწორედ ადმინისტრაციის ამ ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყეს. პარალელურად, პროჰამასური აქციები აშშ-ს სხვა რამდენიმე უნივერსიტეტშიც მიმდინარეობს. ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდში მდებარე ერთ-ერთ უნივერსიტეტში პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება სცადა, რასაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები