პარლამენტმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცა

ცესკო

პარლამენტმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდირიშვილი დაამტკიცა. კალანდარიშვილის არჩევას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 16. 

პარლამენტმა დაამტკიცა ასევე საარჩევნო კომისიის წევრებიც: მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე, გია ცაცაშვილი. 

ქართულ ოცნების წევრებთან ერთად გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი გირჩის 4-მა წევრმა დაუჭირა. 

4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირება გააუქმა

ქართულმა ოცნებამ გენდერული კვოტირების გაუქმების მხარდაჭერის სანაცვლოდ გირჩის მხრიდან მიიღო თანხმობა, რომ ცესკოს თავჯდომარის არჩევისას ორიენტირებულები იქნებიან კანდიდატის "კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე და ეს საკითხი არ იქნება გამოყენებული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის" - ამის შესახებ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა 1 აპრილს ისაუბრა. 


საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე არსებული კანონპროექტის თანახმად, 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული სისტემის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით ირჩევიან, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ მოგროვდა, გადაწყვეტილების მიღება ისევ 76-ხმიანი სისტემით მოხდება. თუ საკანონმდებლო ორგანოში ვერც 76 ხმაზე შეთანხმდა, მაშინ პარლამენტი კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.

ასევე, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობაც უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიული წევრებისგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

20 თებერვალს, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო. ცვლილება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა კი მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს  ვეტო დაადო.

ხოლო 19 მარტს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა - შედეგად, უმრავლესობამ ვეტო დაძლია.

კომენტარები