რუსული კანონი

შსს: გავარკვევთ, საიდან აქვთ აქციის მონაწილეებს მხუთავი გაზი, რომელიც მაღაზიებში არ იყიდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ. მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "აქციის თითოეული მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგანს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება".

"საზოგადოება ხედავს, რომ პოლიცია არის პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე, ჩვენ გარეთ არგამოვსულვართ და შიგნიდან ვცდილობთ, დავიცვათ ტერიტორია უნებართვო შეჭრისგან. ის სპეცსაშუალებები, რაც კანონით არის გათვალისწინებული, ეს არის წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, ეს გამოვიყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი გვქონდა, გამოგვეყენებინა რეზინის ტყვიები, არ ყოფილა გამოყენებული.

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ აქციის თითოეული მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგანს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება და საიდან მოხვდა მათ ხელში ძალიან საინტერესოა. ამით აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ, როგორ მოხვდა ამ ადამიანების ხელში ეს საშუალებები.

შესაბამისად, ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებები. ასე რომ, კატეგორიულად უარვყოფთ და ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია" - თქვა დარახველიძემ.

ჟურნალისტმა მინისტრის მოადგილეს სავარაუდოდ რეზინის ტყვიის ფოტო აჩვენა და უთხრა, რომ ის აქციაზე, ქუჩაში ეგდო, რაზეც დარახველიძემ უპასუხა, "რა იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისროდნენ, დაინახეთ?".

კომენტარები