რუსული კანონი

ჯანდაცვა: კლინიკებში 8 მოქალაქე გადავიყვანეთ, ადგილზე დახმარება გაეწია ათობით პირს

ტაბულა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირი კლინიკებში გადაიყვანეს, აქედან ერთი უკვე გაწერეს. 

"დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანება, მათ შორის: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის ერთ სამართალდამცველს. მათ ძირითადად აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და თვალების წვა.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ყველა მოქალაქისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების სათადარიგო ბრიგადები დამატებით მობილიზებულია ასევე რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაწყების დროიდან" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პირველი მაისის 17:00 საათიდან მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების მიმართ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. ამასთან, შსს უარყოფს აქციის მონაწილეების ინფორმაციას, რომ მათ რეზინის ტყვიებს ესვრიან.

"მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, კერძოდ, ე.წ რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს აქციის მონაწილეები ცდილობენ სამართალდამცველებისგან თავის დაცვას, მაშინ როდესაც სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ დაიცვას შემობა უნებართვო შეჭრისგან" - განაცხადა დარახველიძემ.

შს მინისტრის მოადგილე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, "შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში". მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, "პოლიცია იძულებული იქნება, გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა".

კომენტარები