რუსული კანონი

ცოტნე კობერიძის თქმით, აქციაზე რეზინის ტყვია ესროლეს

გირჩი-მეტი თავისუფლების წევრის, ცოტნე კობერიძის თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმმა რეზინის ტყვია ესროლა.

კობერიძე TV პირველთან ამბობს, რომ ტყვია სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა ამოუღო, თუმცა, არ გამოატანეს.

"ეტყობა, რომ არ გაბაზრდეს ეს თემა, ფოტოც არ გადაიღოვო... რეზინის ტყვიები რატომ მალეს? იმიტომ, რომ მატყუარები არიან, ერთი, ეს კანონი არ არის რუსული და მეორე, რეზინის ტყვიები არ უსვრიათ" - თქვა კობერიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ. მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "კატეგორიულად უარვყოფთ და ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია".

ჟურნალისტმა მინისტრის მოადგილეს სავარაუდოდ რეზინის ტყვიის ფოტო აჩვენა და უთხრა, რომ ის აქციაზე, ქუჩაში ეგდო, რაზეც დარახველიძემ უპასუხა, "რა იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისროდნენ, დაინახეთ?".

კომენტარები