ნიგერი

ამერიკელ და რუს სამხედროებს ნიგერში ერთი ბაზის გამოყენება უწევთ

ნიამეის 101-ე ბაზა, აშშ-სა და ნიგერის დროშები

ამერიკელ და რუს სამხედროებს ნიგერში ერთი ბაზის გამოყენება უწევთ.

CNN-თან წყაროებმა ისაუბრეს, რომ ნიამეის 101-ე საჰაერო ბაზაზე რუსები განცალკევებულ ანგარში არიან განთავსებული და მუშაობა არ უწევთ იმავე სივრცეში, რაშიც ამერიკელებს, თუმცა აღნიშნეს, რომ ტერიტორია საკმაოდ პატარაა. თავდაპირველად 101-ე ბაზაზე რუსი სამხედროების შესვლის ცნობა Reuters-მა გაავრცელა.

ბაზაზე რუსი სამხედროების განთავსება აშშ-სა და ნიგერის ხუნტას შორის ერთ-ერთი მთავარი სადაო საკითხი იყო. ხუნტამ ნიგერში ძალაუფლება 2023 წლის ივლისის გადატრიალების შემდეგ მოიპოვა. ამ ქვეყანაში აშშ-ს სამხედრო ბაზა რეგიონში მნიშვნელოვანი ანტიტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად ჰქონდა. ნიგერი წარსულში ამ მიმართულებით აშშ-სთან თანამშრომლობდა, თუმცა ხუნტას ახლა სურს, რომ ამერიკელებმა ქვეყანა დატოვონ.

ამ წლის მარტში ამერიკელი დიპლომატები და სამხედრო მაღალჩინოსნები ნიგერს ესტუმრნენ და გამოთქვეს შეშფოთება ქვეყანაში რუსი სამხედროების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. მათ ასევე დასვეს კითხვები, რა ბედი ელოდა 101-ე ბაზას და გადაეცემოდა თუ არა ის რუსეთს. 

დაძაბული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ნიგერის ხუნტამ გამოაცხადა, რომ აუქმებდა აშშ-ს სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეთა ქვეყანაში მუშაობის უფლებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რომელიც 2014 წელს დაიდო.

ამის შემდეგ პენტაგონში დაადასტურეს, რომ ისინი ნიგერელ მაღალჩინოსნებთან მუშაობენ, რათა სამხედროები თანმიმდევრულად გამოიყვანონ. ვაშინგტონი აფრიკულ ქვეყანაში კიდევ ერთი დელეგაციის გაგზავნასაც გეგმავს. 

ნიგერიდან გასულ წელს ჯარი საფრანგეთმაც გაიყვანა. ივლისის გადატრიალების დროს გამოჩნდა ფოტოები და კადრები, რომლებშიც ხუნტის მხარდამჭერები რუსეთისა და კსკ ვაგნერის დროშებს აფრიალებდნენ.

კომენტარები