აგენტების კანონის მიღებით საქართველოს მთავრობა მოქალაქეების უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება

აგენტების კანონის მიღებით საქართველოს მთავრობა მოქალაქეების უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება

საქართველოს ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს რუსული ინსპირაციით შექმნილი კანონის მიღება "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ. მოქალაქეებმა მრავალდღიანი მასშტაბური პროტესტით გასულ წელს შეძლეს ქართული ოცნება შეეჩერებინათ და ეიძულებინათ, რომ კანონი უკან გაეწვიათ. თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობამ პოლიტიკაში უკვე ფორმალურად დაბრუნებული ოლიგარქის მეთაურობით ამ "მარცხით" საქმიანობის გაგრძელება აღარ მოისურვა.

კანონის მიღების შემთხვევაში ქართულ ოცნებას შეეძლება, უცხოური ინტერესების გამტარებლების რეესტრში შეიყვანოს ნებისმიერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. შესაბამისად, ხელისუფლებას შეეძლება ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის დემონიზება, რომელიც მათ მიმართ კრიტიკულია და ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო ფინანსურ დახმარებას დასავლელი დონორებისგან იღებს.

საქმე იმაშია, რომ 2023 წელს ქართველი ხალხი დღე-დღეზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდა და მიიჩნევდა, რომ ხელისუფლების ნაბიჯები ამ გადაწყვეტილების პირდაპირი ბოიკოტი იყო. შესაბამისად, ამან წლების განმავლობაში არნახული მასშტაბის პროტესტიც გამოიწვია. მიუხედავად მთავრობის მრავალი ანტიდასავლური განცხადებისა და ნაბიჯისა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროკომისიამ განმარტა, რომ ქართველი ხალხი, რომელთა 85%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. თუმცა, მიღწევა ქართულმა ოცნებამ საკუთარ წარმატებად გააფორმა და დაიჯერა, რომ შეუძლია გადადგას ანტიდასავლური ნაბიჯები და ევროკავშირისგან სარგებელი მაინც მიიღოს.

ასი ათასობით მოქალაქე უკვე კვირებია თბილისის ქუჩებში ხელისუფლების ინიციატივას აპროტესტებს. ისინი კანონს პირდაპირ უწოდებენ რუსულს და უკვე მრავალი დღეა არ უშინდებიან პოლიციის მიერ ძალადობას, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და სხვა საშუალებებს. 

ამავდროულად, ქართული ოცნება ისევ ამტკიცებს, რომ კანონში რუსული არაფერია. არგუმენტად მოჰყავთ, რომ მსგავსი კანონმდებლობა არსებობს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპასა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში. სინამდვილეში, ხელისუფლების კანონპროექტს დასავლურ პრაქტიკასთან საერთო არაფერი აქვს. 

უცხოურ აგენტებზე ამერიკული აქტის (FARA) მთავარი ფოკუსი ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოლიტიკური ლობირებებაა. FARA ქვეყნის ეროვნული თავდაცვისთვის არსებითად მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზაციების აგენტად რეგისტრაციას კრძალავს, ქართული ოცნება კი სწორედ ამას ცდილობს. დღემდე FARA-ს რეესტრში არცერთი ადგილობრივი მედია არაა შეყვანილი და მას ამ სფეროში მხოლოდ ისეთი პროპაგანდისტული წყაროების წინააღმდეგ იყენებენ, როგორიცაა რუსული RT და სხვა. ამავდროულად საქართველოს ხელისუფლების კანონპროექტის ძირითადი ნაწილი სწორედ მედიის წინააღმდეგაა მიმართული.

ქართულ ოცნებას ასევე ხშირად მოჰყავს არგუმენტად EU-ში ინიცირებული პროექტი ინტერესთა ჯგუფების გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც ევროკავშირის FARA-საც უწოდებენ, თუმცა არგუმენტი აქაც შეუსაბამოა. აქტი შეეხება ორგანიზაციებს და სუბიექტებს, რომელთა მიზანი ბლოკის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაა და არაწევრი სახელმწიფოებიდან ფინანსდებიან. დასავლურ პრაქტიკაში მსგავსი კანონმდებლობის მიზანი პოლიტიკურ ლობიზმში გამჭვირვალობის გაზრდაა, ბრიუსელის დერეფნებში კი ლობისტური ჯგუფები გადაწყვეტილებების მიღების ყოველდღიურ პროცესში არიან ჩართულები.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ევროკავშირს უცხოური გავლენების შესახებ მსგავსი არასწორი ინტერპრეტაციით მიღებული კანონის გამოცდილებაც აქვს. უნგრეთმა საზღვარგარეთიდან მხარდაჭერილი ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონი 2017 წელს მიიღო. კრიტიკის ფონზე ევროკომისიამ 2017 წელსვე კანონი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ გადაწყვეტილება 2020 წელს გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ უნგრეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობაზე ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამება.

ამავდროულად, 2012 წელს რუსეთში ამ კანონის მიღება რეპრესიული კანონმდებლობის სერიის დაწყებად მიიჩნეოდა, რომელიც მიემართებოდა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, აქტივისტებს, მედიასა და მთავრობასთან დაპირისპირებულ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ სუბიექტებს - მსგავსად ქართული ოცნების კანონპროექტისა. წლების განმავლობაში რუსეთში უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ მკაცრდება. დღეს რუსეთში ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ ადამიანსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად კრიტერიუმებისა, ხოლო უცხოურ აგენტად რეგისტრირება შუბლზე სამიზნის დახატვის ტოლფასია.

ასიათასობით მოქალაქე თვლის, რომ ქართული ოცნებას საქართველოშიც სწორედ ამგვარი სცენარის განვითარება სურს, შესაბამისად, მდგომარეობა დაძაბულია. რამდენიმე თვეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, მმართველი პარტიას კი ამგვარი სამოქალაქო წინააღმდეგობა მართველობის 12 წლის განმავლობაში ჯერ არ ჰქონია.

ევროკავშირმა ხელისუფლებას უკვე არაერთხელ პირდაპირ მოუწოდა კანონის გაწვევისკენ, თუმცა ქართული ოცნება პროცესს აგრძელებს და ინიციატივა ორი მოსმენით უკვე მიღებულია. ფაქტია, რომ მმართველი პარტია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება, თანაც არჩევნებთან ძალიან ახლოს. სწორედ არალოგიკური ნაბიჯების გამო ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები რუსეთთან ახლო კავშირების მქონე ყოფილი პრემიერის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გავლით სწორედ კრემლიდან იმართება.

საქართველოს მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ საერთაშორისო პარტნიორები არამხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალური გადაწყვეტილებებითაც უჭერენ მხარს. 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვისა და და საქართველო-ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გადახედვისკენ. ეს ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული უდიდესი ნაბიჯის დაკარგვის ტოლფასია, რაშიც დამნაშავე ქართული ოცნება იქნება. ქართველები ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს შიგნიდან იცავენ, თუმცა მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერია და მხოლოდ აბსტრაქტული განცხადებები საკმარისი არ არის.

მიმდინარე პროცესები და საარჩევნო წელი ქართველებისთვის შანსია, რომ ყველას დაანახონ მათი დასავლური მისწრაფება. ანტიდასავლური ხელისუფლების მხარდაჭერის შემცირებითა და სწორი მიმართულებით სვლით საქართველოს შეუძლია, ევროპული ოჯახის წევრი ძალიან მალე გახდეს.

ავტორი: ირაკლი მაჩაიძე, ჟურნალისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და Young Voice Europe-ის წარმომადგენელი. მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საკითხებზე ევროკავშირის პოლიტიკისა და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ.