უჩა აბაშიძის დაკავება

ბლოგერი უჩა აბაშიძის "არსენალში" შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფებიც აჩვენა

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელშიც ნაჩვენებია ნივთები, რომლებიც, მათი მტკიცებით, ბლოგერი უჩა აბაშიძის სახლიდან ამოიღეს

9 მაისს სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ფოტო, რომელზეც, მათი მტკიცებით, დაკავებული პირის სახლიდან ამოღებული ნივთები ჩანს.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს სულ მცირე ორი შაშხანა და თოფი, რომელზეც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რეალური ცეცხლსასროლი იარაღია. 

თუმცა ფოტოებში ჩანს ტაქტიკური თამაში Airsoft-ისთვის განკუთვნილი სათამაშო შაშხანებიც, რომლებიც, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს რეალურ ცეცხლსასროლ იარაღს. თუმცა ჩანს ელექტროსადენები, რომლებიც სათამაშო იარაღის მექანიზმისთვისაა საჭირო. ფოტოში ჩანს ამავე თამაშისთვის განკუთვნილი პატარა თეთრი ბურთის ფორმის ტყვიები. 

ბლოგერი უჩა აბაშიძის ერთ-ერთი ჰობი სწორედ ეს ტაქტიკური თამაში არის.

Airsoft-ისთვის განკუთვნილი სათამაშო თოფები ელექტროსადენებით
Airsoft-ისთვის განკუთვნილი ტყვიები
კიდევ ერთი თოფი, რომელსაც ლულაზე Airsoft-ის იარაღისთვის დამახასიათებელი ნარინჯისფერი რგოლი აქვს

რაც შეეხება დანარჩენ, რეალურ იარაღებს, შსს-ს განცხადებაში არ ჩანს, რა სახის საბრძოლო მასალის უკანონო შესყიდვა-შენახვას ედავებიან ბლოგერს და რომელი იარაღებია შეძენილი კანონის დარღვევით. 

შსს-ს განცხადების მიხედვით, მათ უჩა აბაშიძე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და აღნიშნულია, რომ შსს-სა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

9 მაისს პოლიციამ სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე საკუთარ სახლში, რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავა. აქამდე ბლოგერის ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში წერდა, რომ პოლიციამ უჩა აბაშიძეს მობილურ ტელეფონზე წვდომა და ადვოკატთან დარეკვის უფლება შეუზღუდა. ამავე ცნობით, ჩხრეკდნენ ბლოგერის ამჟამინდელი პარტნიორის საცხოვრებელსაც.

გასულ კვირებში უჩა აბაშიძე წერდა ვიდეობს, რომლებშიც რუსული კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს ურჩევდა, როგორ დაეცვათ თავი საპროტესტო აქციებზე.

განახლება
ამ ამბის გამოქვეყნების პარალელურად, უჩა აბაშიძის დედამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ ნაჩვენები იარაღებიდან, მხოლოდ ორია რეალური ცეცხლსასროლი იარაღი და ორივე უჩა აბაშიძის სახელზე იყო რეგისტრირებული.
 
"სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე - უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული." – დაწერა ბლოგერის დედამ.
ფოტო, რომელსაც უჩა აბაშიძის დედა აქვეყნებს

 

 

კომენტარები