რუსული კანონი

Z.axis: აქციას, სტაბილურად, დაახლოებით 80 000 ადამიანი ესწრებოდა

ევროპის მოედანზე რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია, 11 მაისი, 2024
ტაბულა

11 მაისს რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს, რის ფარგლებშიც თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა.

აქციის მასშტაბურობა მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდანაც აღიქმებოდა, თუმცა აქციის დასასრულს ინფორმაცია ევროპის მოედანზე გამოსული დემონსტრანტების სავარაუდო რაოდენობის შესახებაც გავრცელდა:

ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია Z.axis-ის ანალიზის მიხედვით, 11 მაისის მსვლელობის და აქციის მონაწილეთა რაოდენობა 69 000-92 000-ს შორის მერყეობდა.

"'მთავარი არხის' გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, რომელიც სავარაუდოდ, აქციის პიკურ პერიოდშია გადაღებული, დაახლოებით, ვიზუალზე მონიშნული ტერიტორიაა ათვისებული სრულად, სადაც სიმჭიდროვე კვადრატულ მეტრზე საშუალოდან (3 ადამიანი) მაღალ (4 ადამიანი) მაჩვენებლამდე მერყეობდა. აქციას, სტაბილურად, დაახლოებით 80 000 ადამიანი ესწრებოდა" - წერია Z.axis-ის განცხადებაში.

მეორე მხრივ, ღია წყაროების სადაზვერვო გვერდის Visioner-ის თქმით, დღის განმავლობაში აქციაზე სავარაუდოდ 300 000-მდე ადამიანი გამოვიდა.

ამასთანავე, აქციაზე გამოსული მოქალაქეების რაოდენობის შესახებ საკუთარი მოსაზრება ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემაც გამოთქვა.

"მიახლოებით, არ ვიცი, 12-14-17, ამას ზუსტად ასე ვერ დათვლი, მაგრამ 20 000 ადამიანი ვერაფრით ვერ იქნება, იმ სიმჭიდროვის და ტერიტორიის გათვალისწინებით, რაც არის" - თქვა მდინარაძემ სამთავრობო ტელეკომპანია იმედის ეთერში სატელეფონო ჩართვისას.

კომენტარები