რუსული კანონი

არასამთავრობოების განცხადება: კანონი უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული

ლუკა ახალაია/ტაბულა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მთავრობას მიმართავენ, რომ რუსული კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიონ, ხოლო მისი შესწორება შედეგებს ვერ შეცვლის.

"ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული. ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ამ კანონის ამოქმედება ჩვენს საზოგადოებას მოუტანს.

თვეზე მეტია, ქართველი ხალხი რუსული კანონით პუტინის წესების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება. 11 მაისის უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანმა აქციამ ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი იაზრებს ამ კანონის მზაკვრულ მიზნებს, არ ეპუება ხელისუფლების მცდელობას, დააშინოს მოსახლეობა და ურყევად იცავს ქვეყნის დასავლურ კურსს. შეისმინეთ ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოების ხმა. ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს!" – წერია განცხადებაში.

კომენტარები