რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება

ტყემალაძე: დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელის ქონების დაყადაღება შეაფასა. ტყემალაძის განმარტებით, რუსთავი 2-ს შეუძლია თავად მიმართოს სასამართლოს, რათა ტელეკომპანიამ შეძლოს შეუფერხებლად ფუნქციონირება. მისივე განმარტებით, სამოქალაქო რეესტრი კანონის სრული დაცვით მოქმედებს.

"დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. რაც შეეხება იმას, რომ ამით ტელეკომპანია ჩერდება და არაფრის უფლება ვერ ექნება, ეს არა მგონია. კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ტელეკომპანია რუსთავი2-მა შესაძლოა ასევე დააყენოს სასამართლოში საკითხი ან ასევე მეორე მხარესთან, რომ მასთან შეთანხმებით მოხდეს ყველა ოპერაციის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მას, რომ იფუნქციონიროს ისე, როგორც ფუნქციონირებდა დღემდე... სამოქალაქო რეესტრი მოქმედებს სრული კანონის დაცვით და კანონის სრული შესაბამისობით", - განმარტა ტყემალაძემ.

ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოც დააყადაღა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისება. ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია საქართველოში მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას.

ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოს გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება 29 სექტემბერს გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოს მფლობელებმა გიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა 100-პროცენტიანი წილი დიმიტრი ჩიქოვანს 400 ათას დოლარად მიჰყიდეს. ჩიქოვანი, თავის მხრივ, იღებდა ვალდებულებას, ტელეკომპანია საქართველოს კუთვნილ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში 6 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიცია/ფინანსირება განეხორციელებინა. სამოქალაქო რეესტრმა ტრანზაქცია არ დაარეგისტრირა. 

კომენტარები