რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ყველაფერი დაგეგმილი და ორკესტრირებულია ხელისუფლების მიერ

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, შპს ტელეკომპანია საქართველოს დაყადაღებით, ხელისუფლებამ რუსთავი 2-ს დაფინანსების ერთადერთი დარჩენილი გზა გადაუკეტა. გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე მოსახლეობას დახმარება სთხოვა. მან ასევე მიმართა პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, გაემიჯნონ "მანიაკალური ოლიგარქიული რეჟიმის დამყარების მსურველებს" და მოუწოდონ ყველას, რუსთავი ორს მისცენ მუშაობის საშუალება.

"გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით. მან თავისი გადაწყვეტილებით, რუსთავი დახურა. არ მოგატყუოთ იმან, რასაც ხედავთ ეთერში. ის რომ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. და დღეს როგორც არასდროს, ჩვენ ისე ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან. ჩვენ გადაკეტილი გვაქვს ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ვიყენებდით ალტერნატივის შემთხვევაში.

ტელევიზია არის კონსიგნაციური ბიზნესი, ის როცა ყიდის თავის სარეკლამო დროს, რამდენიმე თვის შემდეგ აქვს შემოსავლები, ამ რამდენიმეთვიანი პაუზის ამოსავსებად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო მომსახურება, განსაკუთრებით საახალწლო და საზაფხულო პერიოდების შემდეგ, როცა ცოტაა შემოდინება. ყველა ვითარებაში, ჩვენც, როგორც ყველა ნორმალური და ჯანსაღი ბიზნესი, ვიყენებდით ბანკს, როგორც დამხმარე ფინანსურ ინსტიტუციას - კრედიტებით ვყიდულობდით ტექნიკას, ოვერდრაფტებით ვფარავდით ხელფასებს, როცა ფინანსური სახსრების მოძრაობა იყო შეფერხებული ჩვენი სეზონურობის გამო.

ხელისუფლებამ და მისმა მოგონილ-წაქეზებულმა პერსონაჟმა ქიბარ ხალვაშმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენ ეს გზა ჩაგვკეტვოდა და ამოგვაგდეს ჯანსაღი კონკურენციიდან. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს არის ხელისუფლების თამაში, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ "იქნებ ქიბარ ხალვაში იბრძვის თავისი საკუთრებისთვის" - დღეს ხელისუფლებამ ყველა ეს ეჭვი გაფანტა თავისი სამარცხვინო ნაბიჯით, დღეს ხელისუფლებამ შეგვიზღუდა ერთადერთი დარჩენილი ალტერნატიული გზა - გვქონდეს დაფინანსება მაშინ, როცა რთული პერიოდები გვიდგას. ეს ერთადერთი დარჩენილი ალტერატიული გზა არის ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ მოვიზიდეთ ექვსი მილიონი დოლარის ინვესტიცია, ამას ვამბობ ხაზგასმით და გახსნილად, რადგან ვაპირებთ კონტრაქტის გამოქვეყნებას. მოვიზიდეთ ადამიანისგან, რომელიც დიახ, არის დავით კეზერაშვილის ნათესავი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვიპოვეთ სხვა ინვესტორი, არც გვჭირდებოდა არანაირი ინვესტორი, ხელისუფლებას ამ მდგომარეობაში რომ არ ჩავეგდეთ, მაგრამ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს, მოვიზიდეთ ის ინვესტორი, რომელიც წამოვიდა ჩვენს პირობებზე - ა) არ ჩარეულიყო სარედაქციო პოლიტიკაში. ბ) ეყიდა საფრთხის ქვეშ მყოფი და დაბალი ლიკვიდურობის ქონება. ეს არის წილი რუსთავი 2-ში. რუსთავი ორის წილების გასხვისება არ შეიძლება, ნასყიდობა შესაძლებელი იყო მხოლოდ რუსთავი ორის მფლობელი კომპანიის შპს ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისებით, რაც მოხდა კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.

შედეგად, რუსთავი ორი მიიღებდა ექვსმილიონიან ინვესტიციას, რომელიც არ იქნებოდა არც მისი ვალი, არც პასუხისმგებლობა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქიბარ ხალვაში მოიგებდა სასამართლოს, ის წაიღებდა რუსთავი ორს ექვსი მილიონი დოლარით გაზრდილი აქტივით. არავითარი კანონიერი თუ უკანონო მფლობელის საკითხი არ დადგებოდა, რადგან საკითხი არ დგას რუსთავი ორის მესაკუთრეებზე, საკითხი დგას რუსთავი ორის მესაკუთრის მესაკუთრეზე", - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ბოლო გზის გადასაკეტად.

"საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა ტრანზაქცია, თუმცა ვალდებული იყო, იმ დღესვე დაემთავრებინა რეგისტრაციის პროცესი. როგორც ჩანს, ორი დღის განმავლობაში ვერ შეუთანხმდნენ ივანიშვილს, მინისტრი წულუკიანი კი არ იყო საქართველოში, თუმცა მის გასაგონად ვამბობ, რომ ეს მას პასუხისმგებლობას არ ხსნის, ისევეა ჩარეული ამ უკანონობაში, როგორც ივანიშვილი, და აცილებლად აგებს პახუხს მისივე უწყების ამ უკანონო გადაწყვეტილებაზე. რეესტრმა არ მოახდინა რეგისტრაცია, მოახდინა უკანონო კომუნიკაცია მესამე პირებთან და დღეს ხალვაშის ადვოკატმა გაასაჯაროვა იმ კონტრაქტის დეტალები, რომელსაც მე ახლა ვყვები და რომელიც შეუძლებელია, ვინმემ საიდანმე იცოდეს, გარდა საჯარო რეესტრიდან უკანონო მითითებისა.

ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი, მთელი აქცია არის დაგეგმილი და ორკესტრირებული ხელისუფლების მიერ. ქიბარ ხალვაში იბრძვის არა საკუთარი ქონების დასაბრუნებლად, არამედ ჩვენ წინააღმდეგ, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ იტყოდა უარს რუსთავი ორის ექვსმილიონიანი ინვესტიციით გამდიდრებაზე, რომელიც თუ დარწმუნებულია, რომ მისია რუსთავი ორი და იგებს სასამართლოს, დარჩებოდა ისევ მას. ასე რომ, დადასტურდა ორი რამ - 1. ქიბარ ხალვაში იბრძვის პერსონალურად რუსთავი ორის წინააღმდეგ და არა ქონების დასაბრუნებლად. 2. ქიბარ ხალვაში არის სახელმწიფო და სახელმწიფო დგას მის მხარეს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორის თქმით, "ყველაზე ცინიკურია, რომ შპს საქართველოს დაყადაღების გადაწყვეტილება გამოიტანა იმავე მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ, რომელიც არის ქართული სასამართლო სისტემის სირცხვილი. ის იბრძვის თავისუფალი მედიის, საკუთარი შვილების, და ყველა ჩვენგანის შვილების მომავლის წინააღმდეგ. ის ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლეა, დიდი ალბათობით არის კორუმპირებულ გარიგებაში ჩართული და აღებული აქვს დიდი რაოდენობის თანხა ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში". გვარამიამ აღნიშნა, რომ ურთმელიძე "ღუპავს მომავალს, თავისუფალ სიტყვას, დემოკრატიას და იმ ხელისუფლებას, რომელსაც ემსახურება".

"ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ გამოიტანა სასიკვდილო განაჩენი, როდესაც საკუთარი ხელით რუსთავი ორი დახურა. როგორც მოვიქცევით ჩვენ - ვიმუშავებთ თუ არა უფასოდ, მოვიზიდავთ თუ არა გრანტებს, ჩვენი შემოსავალი გაიზრდება თუ არა, ეს იქნება მხოლოდ ჩვენი დამსახურება, და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, თავისთავად ცხადია. ხელისუფლებას ვპირდები - ვიდრე რუსთავი ორი დაიხურება, დაიხურებით თქვენ და ეს აუცილებლად ასე იქნება.

მოგმართავთ დახმარებისთვის, რუსთავი ორი მარტო ვერ გაიმარჯვებს, ეს არ არის ბრძოლა რუსთავი ორისთვის, ეს არის ბრძოლა თავისუფალი სიტყვისთვის, სახის შენარჩუნებისთვის, სანამ გვიანი არ არის. მოგმართავთ, რომ როცა დაგიძახებთ, დადექით ჩვენ გვერდით, იარეთ ჩვენთან ერთად სასამართლო პროცესებზე, დავანახოთ ხელისუფლებას და სასამართლოს ჩვენი ძალა, ჩვენი რწმენა თავისუფალი სიტყვის, უკეთესი მომავლის, რწმენა იმის, რომ ყველაფრის ყიდვა და დაყადაღება შეუძლებელია. ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ არა ცრუ დაპირებების და ოლიგარქის მანიაკალური მისწრაფებების, არამედ თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად. დაეხმარეთ რუსთავი ორს, მისთვის გაღებული ერთი ლარიც არის სერიოზული ინვესტიციია ჩვენი შვილების მომავლისთვის", - განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები