გილგამეშის ეპოსი

ერაყის სულეიმანიას მუზეუმში გილგამეშის ეპოსის მე-5 ფირფიტა აღმოაჩინეს

გილგამეშის ეპოსის მე-5 ფირფიტა
Osama S.M. Amin. / etc.ancient.eu

ერაყის სულეიმანიას მუზეუმში მეცნიერებმა გილგამეშის უძველესი ეპოსის მე-5 ფირფიტა აღმოაჩინეს. მუზეუმის პოლიტიკის თანახმად, მეცნიერები ნივთებს კონტრაბანდისტებისგან ყიდულობდნენ, რითაც ცდილობდნენ შეეჩერებინათ არტეფაქტების ქვეყნიდან გადინება. თიხის 90-მდე ნივთთან ერთად მუზეუმმა ფირფიტა 2011 წელს 800 $-ად შეიძინა. ფირფიტის შესწავლისა და ნეო-ბაბილონური ლურსმნული დამწერლობიდან თარგმნის შემდეგ დადგინდა, რომ ის გილგამეშის ეპოსის ფრაგმენტია. ფირფიტის აღმოჩენის შედეგად ეპოსის ისტორიას 20 ხაზი დაემატა და აქამდე უცნობი დეტალები გამოაშკარავა. 

ეპოსის მე-5 ფირფიტა ურუქის მეფის გილგამეშისა და მისი მეგობრის ენქიდუს შესახებს მოგვითხრობს. გილგამეში და ენქიდუ გოლიათ ჰუმბაბას მოსაკალავად გაემგზავრებიან, რომელიც კედრის ტყეს იცავს. ტყე კი ღმერთების სახლია. ფირფიტით დასტურდება, რომ ენქიდუმ ბავშვობა ჰუმბაბასთან გაატარა, თუმცა ეპოსის ამ ნაწილში ჰუმბაბა გამოყვანილია, როგორც "უცხოელი მმართველი" და არა "ბარბაროსი კაციჭამია", როგორც ეს ფირფიტის აღმოჩენამდე იყო ცნობილი. ნახსენებია ასევე, რომ ტყეში მაიმუნები, ჩიტები და მომღერალი ჭიჭინობელები ბინადრობენ, ხოლო მათი ხმები ერთმანეთთან სიმფონიას ქმნიან. აღმოჩენის მიხედვით, გილგამეში და ენქიდუ ნანობენ ჰუმბაბას მოკვლას, რაც ადრეული ვერსიით არ დასტურდებოდა. 

თიხის ფირფიტებზე ლურსმნული დამწერლობით შესრულებული ეპოსი ურუქის პირველი დინასტიის მეფის, გილგამეშის შესახებ მოგვითხრობს. ხუთიოდე შუმერულმა თქმულებამ ძვ.წ III ათასწლეულის ბოლოს ერთიანი ეპოსის სახე მიიღო. დღეისათვის ეპოსის 12 ფირფიტაა შემორჩენილი და უძველეს ლიტერატურულ ნაწარმოებადაა მიჩნეული. 

კომენტარები