ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

ომბუდსმენი: დელეგატ გობეჯიშვილის საქმეს მომართვის შემთხვევაში შევისწავლით

ombudsman.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უკვე ყოფილი დელეგატის გეგა გობეჯიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ტაბულა დაინტერესდა, რას ფიქრობს სახალხო დამცველი აღნიშნულ ფაქტზე, დაკავების გარემოებებზე და თუ აპირებს ომბუდსმენი, თვალი ადევნოს ამ საქმეს. როგორც აპარატში განგვიცხადეს, მხოლოდ "მომართვის შემთხვევაში დაიწყებს სახალხო დამცველი საქმის შესწავლას."

თუმცა, ომბუდსმენის აპარატს არ უპასუხია ტაბულას მორიგ კითხვაზე - "მაღალი საჯარო ინტერესის საქმეა, რადგან გარემოებებმა გააჩინა ლეგიტიმური კითხვა - ხომ არ ცდილობს სახელმწიფო პოლიციის მეშვეობით არჩევნებზე გავლენის მოხდენას. მაინც მომართვაა საჭირო და ომბუდსმენი თავისთავად არ ინტერესდება ამ საქმით?"

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, სახალხო დამცველისთვის მიმართვა საჭირო არ არის და მას დამოუკიდებლად შეუძლია საქმის შესწავლის დაწყება. "საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას, ასევე მათი დარღვევის ფაქტებს, როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით"(თავი 3. მუხლი 12 (21.07.2010. N3565).

სამართალდამცველებმა უკვე ყოფილი დელეგატი გუშინ, საკუთარ სახლთან, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. გეგა გობეჯიშვილი სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, რევაზ არველაძის მხარდამჭერ დელეგატთა შეხვედრაზე მიდიოდა.

გობეჯიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლა. UEFA-ს რეკომენდაციით, ის დელეგატი აღარ იქნება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მას ზვიად პეტრიაშვილი შეცვლის.

კომენტარები