ოპოზიციის დევნა

ბათუმში ენმ-ის წევრი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

რეზო ხარაზი
batumelebi.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი საპატრულო პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პარტიის წევრები არიან შეკრებილები და ხარაზის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სოლომონ ბაჯელიძის განმარტებით, მას პოლიციამ მართვის მოწმობა ჩამოართვა, ხარაზი კი ცდილობდა გაერკვია, თუ რა მიზეზით ჩამოართვეს მის კოლეგას მართვის მოწმობა. 

"გუშინ, ზებრაზე გავაჩერე ავტომობილი და ფეხით მოსიარულეს დავუთმე გზა. ამ დროს მოძაობის წესების დარღვევით, "პროტივზე" გამოსული არჩილ ხაბაძის ესკორტი ჩემი მანქანის უკან გაჩერდა. ზებრაზე ავტომობილის გაჩერება ჩამითვალეს ესკორტის შეფერხებად, მიკროფონებში ჩაჰყვირეს, რანაირად მოძრაობო. გუშინ საღამოსაც და დღესაც ჩვეულებრივად გადავადგილდებოდი. დღეს მთავრობის სახლთან რომ შევუხვიე, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე დამხვდა და მითხრა, გადმოცემული ხართ და გააჩერეთ ავტომობილიო. რა თქმა უნდა დავემორჩილე. მითხრა, რომ ესკორტის შეფერხებისთვის ერთი წლით ავტომობილის მართვის უფლება ჩამომერთმეოდა. დავურეკე რეზო ხარაზს, მოვიდა ადგილზე და საპატრულო პოლიციის უფროსს ჰკითხა, თუ რის გამო ჩამომართვა მოწმობა. ეს ქმედება საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ჩაუთვალა ხულიგნობად თუ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევად და საპატრულო ეკიპაჟებს მოუწოდა დაეკავებინათ ის," - განმარტა ინტერპრესნიუსთან ბაჯელიძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით ხარაზი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები