ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობა

მსოფლიოს ყველაზე დიდი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა

0 კომენტარი
ფოტო: AAP

ხუთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ 5 ოქტომბერს, ატლანტაში აშშ-მა და წყნარი ოკეანის რეგიონის 11-მა სახელმწიფომ ისტორიულ ვაჭრობის შეთანხმებას TPP-ს მოაწერეს ხელი. აშშ, იაპონია, ავსტრალია, კანადა, მალაიზია, ახალი ზელანდია, მექსიკა, სინგაპური, ჩილე, პერუ, ბრუნეი და ვიეტნამი მზად არიან, სატარიფო და არასტარიფო სავაჭრო ბარიერები, მათ შორის, კვოტები მინიმუმზე დაიყვანონ და ვაჭრობის ერთიანი სტანდარტები მიიღონ. შედეგად შეიქმნება მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ლიბერალიზებული ვაჭრობის სივრცე, რომელიც გააერთიანებს ქვეყნებს, რომლებზეც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 40% მოდის. შეთანხმება 18 ათას საქონელზე ვრცელდება.

შეთანხმება ბარაკ ობამას აზიაზე ორიენტირებული საგარეო-პოლიტიკური კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. შეთანხმებას ძალაში შესვლამდე კონგრესისა და ყველა წევრი ქვეყნის რატიფიკაცია სჭირდება.  

აშშ 

ამერიკას შეთანხმების წევრ ქვეყნებთან გასულ წელს $727 მილიარდის მოცულობის ექსპორტი და $882 მილიარდის ღირებულების იმპორტი ჰქონდა. აშშ უარს ამბობს იმპორტირებული საქონლიდან მიღებულ საგადასახადო შემოსავლებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების სანაცვლოდ. შეთანხმება ამერიკულ პროდუქციას TPP-ის წევრ ქვეყნებში კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის, რაც ამერიკულ წარმოებაზეც და საექსპორტო პოტენციალზეც აისახება. თუმცა, აშშ ყველა საქონელზე გადასახადის ლიბერალიზაციას არ გეგმავს. მათ შორის, მომავალი 30 წლის განმავლობაში არ გადაიხედება 25%-იანი საიმპორტო გადასახადი უცხოურ პიკაპებზე, მიკროავტობუსებსა და ავტობუსებზე, აღნიშნულის მიზეზი ადგილობრივი წარმოების დაცვაა. ანალიტიკოსების შეფასებით, გარიგებით მოგებული ამერიკული ავიაინდუსტრიაც იქნება, რადგანაც ამერიკული ავიალაინერები რეგიონის განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. 

ფოტო: flickr.com/photos/whitehouse

იაპონია

იაპონიის პრემიერმინისტრის, შინძო აბეს თქმით, მიღწეული შეთანხმება ქვეყნის მომავალი ეკონომიკური ზრდისთვის საკვანძოა. Bloomberg-ის ცნობით, იაპონიის სავაჭრო ბრუნვამ 2014 წელს $1.6 ტრილიონი შეადგინა, რომლის 28%-იც TPP-ის წევრ ქვეყნებზე მოდის. ეკონომისტების შეფასებით, ლიბერალიზებული ვაჭრობის შეთანხმება იაპონურ ავტოინდუსტრიას განვითარებისთვის ახალ ბიძგს მისცემს, რადგანაც ისეთი მსხვილი ბაზრები, როგორიც ამერიკა და კანადა არიან, მსუბუქ ავტომობილებზე არსებული 2.5%-იანი იმპორტის გადასახადის სრულ გაუქმებას გეგმავენ. შეთანხმების გასაფორმებლად იაპონიას გარკვეულ საქონელზე ათწლეულების წინ დაწესებული ტარიფებისა და კვოტების შემცირება/გაუქმება დაევალა, მათ შორის არის ბრინჯიც, იაპონია მზად არის ქვეყნის ბრინჯის მოხმარების 1%-ზე ტარიფები გაანულოს. ასევე, მომავალი 16 წლის განმავლობაში ხორცპროდუქტებზე ტარიფი 38%-დან 9%-მდე უნდა შეამციროს. 

ფოტო: KOJI

ავსტრალია

ავსტრალიის პრემიერის მალკოლმ ტურნბულის თქმით, შეთანხმების შედეგად ბიუჯეტი დაახლოებით $9 მილიარდის გადასახადს დაკარგავს, სანაცვლოდ კი, ავსტრალიელ ხორცის მწარმოებლებს გაეხსნებათ მაღალი იმპორტის გადასახადის გამო ნაკლებად ათვისებული იაპონური ბაზარი, რაც ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება. ხელშეკრულება ავსტრალიისთვის ამერიკული შაქრის მოხმარებასაც გააიაფებს. შეთანხმება ავსტრალიელ შაქრის მწარმოებლებს ამერიკაში ყოველწლიურად დაახლოებით 65 ათასი ტონით მეტი შაქრის გატანის საშუალებას აძლევს. თავდაპირველად, შეთანხმების საწყის ეტაპზე ავსტრალიური შაქრისთვის ამერიკული ბაზრის ხუთჯერ უფრო ფართოდ გახსნა განიხილებოდა, თუმცა ამერიკულმა შაქრის ლობიმ საბოლოოდ თეთრ სახლს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა გადააფიქრებინა. 

ფოტო: waddell

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანა TPP-ის წევრ ქვეყნებთან ტარიფებს 93%-ით შეამცირებს, რაც მოსახლეობას ამ ქვეყნების პროდუქტების შეძენას გაუმარტივებს. მთავრობის გამოთვლით, ზელანდიის წმინდა სოციალური სარგებელი მომავალ წელს დაახლოებით $168 მილიონი იქნება. ზელანდიის ექსპორტის მეოთხედი რძის პროდუქტებზე მოდის, თუმცა TPP-ის წევრი სხვა ქვეყნებიც რძის მსხვილი მწარმოებლები არიან. ამერიკა, მექსიკა და იაპონია ტარიფების სრულ გაუქმებას არ დათანხმდნენ. კანადამ კი ახალი კვოტა დააწესა, რომელიც ზელანდიელ მწარმობლებს კანადური ბაზრის მაქსიმუმ 3.3%-ის დაკავების საშუალებას აძლევს. ზელანდიის მსხვილი რძის მწარმოებლის Fonterra-ს გენერალური დირექტორის, ჯონ ვილსონის თქმით, TPP ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის გამარტივების მიზნით შეიქმნა, თუმცა სამწუხაროდ ქვეყნებმა ტარიფებსა და კვოტებზე უარი არ თქვეს. 

ფოტო: Brendon O'Hagan / Bloomberg

მალაიზია

შეთანხმება მალაიზიაზე დადებითად აისახება, რადგანაც მალაიზიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხუთეულიდან ოთხი: სინგაპური, იაპონია, აშშ და ავსტრალია TPP-ის წევრი ქვეყნებია. TPP-ის წევრი ქვეყნები ელექტროტექნიკაზე ტარიფების მნიშვნელოვან შემცირებაზე შეთანხმდნენ, რაც მალაიზიურ ელექტრონაწარმს დამატებით კონკურენტუნარიანობას შესძენს. 

ვიეტნამი

ტრანსწყნაროკეანური ლიბერალიზებული ვაჭრობის შეთანხმებით, ვიეტნამის ეკონომიკა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს. Eurasia Group-ის გამოთვლებით, ქვეყანას ამ შეთანხმების მეშვეობით 2025 წლამდე საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა 11%-ით შეეძლება. ვიეტნამის ეკონომიკა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადია, ხელშეკურლების შედეგად კი ქვეყანას იაპონიიდან, ავსტრალიიდან და ამერიკიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვა შეეძლება. ვიეტნამის ეკონომიკა იაფი მუშახელისა და ხელმისაწვდომი ენერგორესურსების გამო სამხრეთ აზიაში ახალ საწარმოო ჰაბად ჩამოყალიბდა. 

სინგაპური

სინგაპურის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, შეთანხმება სინგაპურის ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს. სინგაპური ვაჭრობის შეთანხმებით ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვას ელოდება. TPP-ის წევრ ქვეყნებზე სინგაპურის სავაჭრო ბრუნვის 30% მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოური პროდუქცია სინგაპურელი მომხარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. 

ჩინეთი შეთანხმებაში არ მონაწილეობს

ტრანსწყნაროკეანური ლიბერალიზებული ვაჭრობის შეთანხმებაში მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩინეთი არ მონაწილეობს. რადგანაც ქვეყანა უცხოური პროდუქციისთვის საკუთარი ბაზრის სრულ ლიბერალიზაციას არ გეგმავს. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ მომავალში შეთანხმებას ჩინეთიც მიუერთდება და TPP-ის მიერ დადგენილ სტანდარტებს ისიც აღიარებს. ჩინეთის საგარეო ურთიერთობათა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთი სრულად იზიარებს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის პოლიტიკას და წყნარი ოკეანის რეგიონის სრულ ეკონომიკურ ინტეგრაციას მიესალმება. ჩინელი ანალიტიკოსების შეფასებით, ფაქტი, რომ ჩინეთი შეთანხმების გარეთ დარჩა, მალაიზიელ და ვიეტნამელ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, ისეთ ბაზრებზე, როგორიც ავსტრალია, იაპონია, კანადა, მექსიკა და ზელანდიაა, ჩინური პროდუქცია შეავიწროონ.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები