კალაძე: თუკი GAZPROM-ისგან მეტ რუსულ გაზს წამოვიღებთ, ეს ძალიან კარგი იქნება

ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 25 სექტემბერს, ბრიუსელში Gazprom-ის გენერალურ დირექტორთან ალექსეი მილერთან გამართულ შეხვედრაზე ამბობს, რომ მან და მილერმა სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის დეტალების გარდა, საქართველოში დამატებითი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტირების გეგმებიც განიხილეს. კალაძის თქმით, კარგი იქნება, თუკი საქართველო რუსეთიდან დამატებით მოცულობებს წამოიღებს. 

"ბრიუსელში Gazprom-ის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრა მქონდა. ასეთი შეხვედრა პირველი არ ყოფილა, ჩვენ წლების განმავლობაში კარგი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, ამ თვალსაზრისით. ეს იყო სამუშაო ტიპის შეხვედრა, რომელზეც საუბარი გაიმართა მილსადენით ქვეყანაში ტრანზიტის გაზრდაზე. ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება იყოს დატვირთული და ტრანზიტი იყოს გაზრდილი. შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ კერძო კომპანიებს მიეცეთ საშუალება, რუსეთიდან ბუნებრივი აირი შემოიტანონ", - განაცხადა კალაძემ.

"თუ მოვახერხებთ რუსეთიდან დამატებითი მოცულობების წამოღებას, ეს ძალიან კარგი იქნება. როგორც იცით, ჩვენთვის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა რაღაც მოცულობებზე არის გარკვეული პრობლემები. თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ რუსეთიდან შესაძლებელი იქნება დამატებითი მოცულობების წამოღება, რასაკვირველია, კონკურენტუნარიან ფასებში, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ არის, ეს ძალიან კარგი იქნება", - ამბობს კალაძე. 

ენერგეტიკის სამინისტრო ბრიუსელში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით აქამდე ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს მასზე მხოლოდ სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანსპორიტირების საკითხი და სხვა ტექნიკური დეტალები განიხილებოდა. 

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.3 მილიარდი საქართველოში დარჩა.

საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 80% აზერბაიჯანზე მოდის. გაზისა და ნავთობის კორპორაციასა და სოკარს შორის გაფორმებული კონტრაქტით, აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს დაახლოებით $150-ად აწვდის. რუსული ბუნებრივი აირის მინიმალური ფასი კი $250-ია, რაც მას აზერბაიჯანულ აირთან შედარებით ნაკლებად კონკურენტუნარიანად აქცევს. 

კომენტარები