მცირე და საშუალო ბიზნესი

ევგენიძე: მცირე და საშუალო მეწარმეების მოლოდინები დრამატულად გაუარესდა

ტაბულა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, საქართველოში მცირე ბიზნესის მდგომარეობის შესახებ კვლევამ პესიმისტური შედეგები აჩვენა. ევგენიძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მცირე და საშუალო მეწარმეების მოლოდინები ყველა მიმართულებით გაუარესებულია.

„ყოველ ექვს თვეში ერთხელ, 650 მცირე და საშუალო მეწარმეს და თვითდასაქმებულ ადამიანს ვეკითხებით იმ ბიზნესგარემოს, შესაძლებლობების და მოლოდინების შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ სხვადასხვა მიმართულებით. თუ შევადარებთ გასული ორი წლის მაჩვენებელს იმ მაჩვენებელს, რაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მივიღეთ, აღსანიშნავია, რომ ძალიან დრამატულად არის შეცვლილი მდგომარეობა, გაუარესებულია ყველა მიმართულებით მათი მოლოდინები იმ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც ქვეყანაშია და საერთო პესიმიზმის დონე ჩვენს გამოკითხულ ადამიანებში, საკმაოდ არის გაზრდილი. აქ საუბარი არ არის 10-15%-ზე. აქ საუბარია 50 და მეტ პროცენტზე. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს არის დაფიქრების საგანი მთავრობისთვისაც, რადგან ეს გახლავთ ფენა იმ ადამიანებისა, რომელმაც მომავალში საშუალო ფენის ჩამოყალიბებას და უნდა შეუწყოს ხელი“, - თქვა ევგენიძემ და აღნიშნა, რომ „გამოკითხულთა 60%-ში ნეგატიური განწყობები გაზრდილია“.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, კვლევაში მონაწილეები ჩივიან, რომ „არ არის ჩამოყალიბებული საერთო პოლიტიკა, თუ რას უნდა ელოდონ ხელისუფლებისგან. ამავე დროს, მათი აზრით, განათლებასა და ფინანსებზე წვდომა საკმაოდ დაბალია და მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ არის მათთვის დამაკმაყოფილებელი“. ნინო ევგენიძის თქმით, „ამ მიმართულებით ერთადერთი დამაიმედებელი რაც არის, გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ არჩევანის შემთხვევაში, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის, დასაქმების ადგილად მაინც კერძო სექტორს არჩევდნენ“.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, კონკრეტულად მთავრობის რომელ ნაბიჯს შეიძლება უკავშირდებოდეს მეწარმეებში ნეგატიური განწყობების ზრდა, ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ ეს არის ზოგადად ეკონომიკური ფონი.

„კი გამოყოფენ სხვადასხვა სფეროებს, მაგრამ მთლიანობაში, მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ არ არის მწყობრად ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკა. მოლოდინი ყოველი არჩევნების წინ ძალიან დიდია და იმ პოპულისტური დაპირებების ფონზე, რასაც ეს თუ ის პოლიტიკური ძალა გასცემს, მერე ამის შესრულება და განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათი მოლოდინები ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, არ ემთხვევა და მათი უკმაყოფილებაც აქედანაც გამომდინარეობს“, - თქვა ევგენიძემ.

კითხვაზე, „თუ ხედავთ რამე რესურსს ხელისუფლებაში, რომ გაკვეთილი ისწავლონ და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ამის გამოსასწორებლად“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს, რომ პრობლემა მიდგომებსა და პრიორიტეტებშია.

„2016 წლის ბიუჯეტი კვლავაც არის სოციალურად ორიენტირებული, არა ისე, როგორც 2015 წელს, მაგრამ ბიუროკრატიის, ჯანდაცვის და სოციალურად ორიენტირებულ პროექტებზე დაფინანსება კვლავ გაზრდილია. ის პრიორიტეტები, რომელიც გასულ წელს ჰქონდა მთავრობას და ბოლო სამი წლის განმავლობაში იმეორებს იმას, რომ ბიუჯეტს არ იყენებს ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელ ერთ-ერთ საშუალებად, არამედ მთელი თანხები იხარჯება სოციალურად ორიენტირებულ პროექტებზე - ეს არის პრობლემა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი იყო სოციალურად ორიენტირებული პროექტები, რასაც ეკონომიკური ეფექტები, ჩემი აზრით, არანაირი არ ჰქონია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ როდესაც ბიზნესი არ აქტიურობს, ხელისუფლებას შეუძლია, ეს თანხები ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ სექტორებს მოახმაროს - როგორიც გახლავთ, ინფრასტრუქტურული პროექტების ან ისეთი დარგების ხელშეწყობა, როგორიც გახლავთ განათლება. თანხების გაცემა უნდა ხდებოდეს იმ სექტორებში, რომელსაც ზრდის შესაძლებლობა აქვს“, - თქვა ევგენიძემ.

კომენტარები