"ოკუპანტი არ გაგათბობს" - საპროტესტო აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

თავისუფალი ზონა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა და თავისუფალი ზონის წევრებმა გაზპრომთან დაწყებული მოლაპარაკებები ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გააპროტესტეს. მათ თან ჰქონდათ ბანერები წარწერებით - "არა რუსულ გაზოკუპაციას", "ოკუპანტი არ გაგათბობს", "ივანიშვილი გაზპრომის მოწილე - ივანიშვილი გაზპრომის აგენტი", "არა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას" და სხვ. 

"გაზპრომი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ნიშნავს გაძვირებულ ტარიფებს და ნაკლებ სითბოს. ქვეყნისთვის კი ნიშნავს კიდევ უფრო დიდ კითხვის ნიშნებს საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ვიდრე დღემდე იყო. 2006 წელს ყველას კარგად ახსოვს, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთმა გაგვითიშა გაზი და საქართვლოს მოსახლეობა დატოვა გაზის გარეშე. დარწმუნებული ვარ, სხვა შემთხვევაშიც სწორედ ასე მოიქცევა. დიდი საფრთხის ქვეშ დადგება ქვეყანა - ან აირჩიოს დამოუკიდებლობა, ან აყვეს რუსეთის თამაშს. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ექნება და საქართველო თავის პოზიციას ვერასდროს ვერ დააფიქსირებს მყარად თუ რუსეთზე იქნება ენერგოდამოკიდებული“ - თქვა ენმ-ის წევრმა გიორგი ონიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესა და Gazprom-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს გაზპრომში უთხრეს. მათი განმარტებით, "შეხვედრები რეგულარულად იმართება და ახალი შეხვედრა უახლოს მომავალშია დაგეგმილი". ამასთანავე, Gazprom-ში განაცხადეს, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გარდა, კალაძესა და "გაზპრომს" შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის მოცულობის გაზრდის შესახებ.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით კი, "თუ მოვახერხებთ რუსეთიდან დამატებითი მოცულობების წამოღებას, ეს ძალიან კარგი იქნება. როგორც იცით, ჩვენთვის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა რაღაც მოცულობებზე არის გარკვეული პრობლემები. თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ რუსეთიდან შესაძლებელი იქნება დამატებითი მოცულობების წამოღება, რასაკვირველია, კონკურენტუნარიან ფასებში, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ არის, ეს ძალიან კარგი იქნება".

კომენტარები