ტერორიზმი

ნანუაშვილი ჩატაევზე: გაუგებარია, რა მიზანი აქვს რუსთავის 2-ის ცრუ ინფორმაციას

0 კომენტარი
უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი ეხმიანება ტელეკომპანია რუსთავი 2–ის სიუჟეტს, რომელიც ახმედ ჩატაევის ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტთა გლობალურ სიაში შეყვანის ფაქტზე მომზადდა. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, "რეპორტაჟის მთელი პათოსი იმაში მდგომარეობს, თითქოსდა ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელი 2012 წელს ამჟამინდელი სახალხო დამცველი იყო, „ტერორისტ“ ახმედ ჩატაევს იცავდა და მის გათავისუფლებას მოითხოვდა". სახალხო დამცველის განცხადებით, ჩატაევს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ბრალი ტერორიზმში წარდგენილი არასდროს ჰქონია. მისი თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ ჩატაევის ბრალზე არასამთავრობო ორგანიზაციის ახლანდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა სრული განმარტება გააკეთა, კურიერის ჟურნალისტი ხაზს უსვამს სახალხო დამცველის როლს ამ საქმეში და მიუთითებს, თითქოს, უჩა ნანუაშვილი თავს არიდებს საუბარს". ომბუდსმენისთვის გაუგებარია, "რა მიზანს ემსახურება რუსთავის 2-ის მიერ სიუჟეტში გასული ცრუ ინფორმაცია". მისივე თქმით, "პროფესიული საქმიანობისადმი მსგავსი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს - ემსახურება თუ არა ამ მედიის საქმიანობა მის მთავარ მიზანს, საზოგადოების ინფორმირებისა და საკითხის ირგვლივ ჯანსაღი დისკუსიის გაჩენის შესახებ".

"სახალხო დამცველი ტელეკომპანიას ჩატაევის საქმის შესახებ სწორ ფაქტობრივ გარემოებებს შეახსენებს: საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ახმედ ჩატაევს ბრალი ტერორიზმში წაყენებული არასოდეს ჰქონია; იგი დააკავეს 2012 წლის 28 აგვისტოს სოფელ ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ახმედ ჩატაევი იმ დროს საქართველოს შს სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირებმა შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან ე.წ. „მომლაპარაკებლად“ გააგზავნეს. სპეცოპერაციის დროს კი იგი დაიჭრა, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის. ახმედ  ჩატაევს საადვოკატო მომსახურებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი უწევდა. საქმის განხილვის შედეგად, ახმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში და გაათავისუფლა. ცნობილია ისიც, რომ ახმედ ჩატაევი 2003 წლიდან ლტოლვილის სტატუსით, ოჯახთან ერთად ავსტრიაში ცხოვრობდა.

სახალხო დამცველი შეახსენებს მედიაკომპანიას, რომ იგი დღემდე მოითხოვს 2012 წლის აგვისტოში, ლოპოტას ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიებას; გამოძიებამ, მათ შორის პასუხი უნდა გასცეს ახმედ ჩატაევის და იმ დროს შს სამინისტროს არაერთი თანამშრომლის როლს სოფელ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიება უშედეგოდ გრძელდება.

შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება რუსთავის 2-ის მიერ სიუჟეტში გასული ცრუ ინფორმაცია. ბუნებრივია, პროფესიული საქმიანობისადმი მსგავსი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს - ემსახურება თუ არა ამ მედიის საქმიანობა მის მთავარ მიზანს, საზოგადოების ინფორმირებისა და საკითხის ირგვლივ ჯანსაღი დისკუსიის გაჩენის შესახებ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ხოლო, ქარტიის მე-5 მუხლის თანახმად, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მედია ორგანიზაციების მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზარალებს არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ არსებულ ნდობას, არამედ თავად ამ მედია საშუალებას. ამიტომ, სახალხო დამცველი მოუწოდებს „რუსთავი 2-ს“ პატივი სცეს თავის პროფესიულ საქმიანობას, თავი შეიკავოს არასწორი ფაქტების გავრცელებისაგან და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყოს ჯანსაღი და მაღალკვალიფიციური მედია გარემოს ჩამოყალიბებას ქვეყანაში" - ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.

საქართველოს სასამართლოს მიერ 2012 წელს გათავისუფლებული ახმედ ჩატაევი აშშ-მა გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ  ჩატაევი ამ დროისთვის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს. ჩატაევი, რომელიც ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთია. 

ოფიციალური ინფორმაციით, ჩატაევი დაკავების დროს რამდენიმე ხელყუმბარით იყო შეიარაღებული. მის დაკავებას აქციები მოჰყვა თბილისსა და პანკისის ხეობაში. რუსთავი 2-ის სიუჟეტში ნათქვამია, რომ ჩატაევის უკანონო პატიმრად აღიარებას მოითხოვდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და უფლებადამცველი, მათ შორის, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც იმ დროს ადამიანის უფლებათა ცენტრს ხელმძღვანელობდა. 

"ბრალდება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო. ჩვენ გვქონდა ერთადერთი ინფორმაცია, რომ ის იყო ავსტრიის მოქალაქე და ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა. ადვოკატის მოვალეობაში არ შედიოდა, რომ ერკვია, თუ რას აკეთებდა ის საქართველოში", - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები