ნობელის პრემია 2015

ეკონომიკაში ნობელის პრემია შოტლანდიელმა ეკონომისტმა ანგუს დიტონმა მიიღო

ანგუს დიტონი
theguardian.com

2015 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში 69 წლის შოტლანდიელმა ეკონომიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა, ანგუს დიტონმა მიიღო. დიტონი კემბრიჯისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორია. 

დიტონმა პრემია მის მიერ წლების მანძილზე მაკროეკონომიკაში, მიკროეკონომიკაში და ეკონომიკის სხვა სფეროებში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. ანგუს დიტონს ნაშრომები აქვს გამოქვეყნებული იმის შესახებ თუ როგორ ანაწილებენ მომხმარებლები მათ ხელთ არსებულ ქონებას სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე. დიტონს ნაშრომები შემოსავლებისა და ხარჯების ურთიერთკავშირებისა და დანაზოგების საერთო დონის ფორმირებაზეც აქვს დაწერილი. 

გასულ წელს პრემიის ლაურეატი ფრანგი ეკონომისტი ჟან ტიროლი გახდა, რომელმაც აღმატებული საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის სწორი რეგულაციების დაწესების შესახებ შექმნა ნაშრომი. 

ნობელის პრემია კლასიკურად გაიცემა ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ლიტერატურის და მშვიდობის დარგებში. ეს 5 ნომინაცია თავად ალფრედ ნობელმა 1895 წელს შექმნა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკა არ შედის ნობელის პრემიის კლასიკურ დარგთა სიაში. ეს ნომინაცია 1968 წელს შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა შექმნა და დაამატა.

კომენტარები