ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გვარამიას რეპლიკის - "ბათუმში ჩააბარეთ გამოცდა, სრულიად გასაგებია, როგორც ჩააბარეთ. არაფერი თქვენ არ იცით" - შემდეგ მიიღო. ურთმელიძის შეფასებით, გვარამიამ სასამართლო შეურაცხყო.
"ბატონი ნიკა არღვევს წესრიგს, შეურაცხყოფს სასამართლოს დემონსტრაციულად, და მე მინდა, გავაძევოთ დარბაზიდან. ბატონი ნიკა გვარამია გაძევებულ იქნას დარბაზიდან. გაიყვანეთ, ბატონებო", - მიმართა მოსამართლემ მანდატურებს.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის შეფასებით, მისი დარბაზში ყოფნა თამაზ ურთმელიძისთვის დისკომფორტს ქმნიდა.
"როგორც ჩანს, მოსამართლისთვის არ იყო ჩემი იქ ყოფნა საჭირო, იმიტომ რომ დისკომფორტს წარმოადგენს ჩემი იქ ყოფნა და საერთოდ, თავისუფალი მედია წარმოადგენს დისკომფორტს მისთვის. ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს პროცესზე, ის არ წარმოადგენს სასამართლო სისტემას. პრობლემა ის არის, რომ, რეალურად, ჩვენი არცერთი შუამდგომლობა ამ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, არ მიიღო ჩვენი არცერთი მტიკიცებულება, თქვა, რომ ექსპერტიზის ჩატარების უფლებაც არ გვაქვს, მაშინ როდესაც, მოწინააღმდეგე მხარეს ექსპერტიზა ჩატარებული და წარმოდგენილი აქვს. ასეთ შემთხვევას არ შევსწრებივარ, რომ საპროცესო ნორმის მითითების გარეშე არ დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და ჩაკითხვაზე, რის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა, მან თქვა, რომ შეჯიბრობითობის პრინციპის. ზოგადად წარმოუდგენელი რამ ხდება დღეს სასამართლო დარბაზში, ჩვენ არ გვყავს სასამართლოში მოსამართლე, გვყავს ზედამხედველი, რომელიც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც უკვე გადაწყვეტილი აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავაყენებთ და დავასაბუთებთ ყველა შუამდგომლობას, მოვაგროვებთ ყველა უარყოფით და უკანონო პასუხს, და ამ უკანონობებს, შეგროვებულს და აკუმულირებულს, გამოვიყენებთ დანიშნულების მიხედვით საჭირო დროს და საჭირო ადგილას. და ეს დრო და ადგილი აუცილებლად დადგება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





