რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ხვალ სასამართლოზე რუსთავი 2-ს ხალვაშს მიაკუთვნებენ

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, მივიდნენ რუსთავი 2-ისა და სასამართლოს შენობებთან. გვარამიას თქმით, ის შეხვდა ადამიანს, რომელიც სამთავრობო მესიჯებს აწვდის. მან უთხრა, რომ ხვალ სასამართლოზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებენ და გადაწყვეტილებას ხვალვე აღასრულებენ. როგორც გვარამია ამბობს, მას უთხრეს შემდეგი:

"მოთხოვნა იყო ჩემ მიმართ, რომ გავწეულიყავი, რაზეც ვუპასუხე, რომ ამას არ გავაკეთებდი არასდროს. რაზეც მითხრეს შემდეგი, ვციტირებ: არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ მოვასწარი ამერიკაში გაშვება, როგორც მინდოდა; არ უნდა დამავიწყდეს, რომ არსებობს კონკრეტული ურთიერთობები, რაც ვიდეოზეა გადაღებული და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება; არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს კონკრეტულ ადამიანთან სატელეფონო საუბრები, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც და ეს აუცილებლად გამოქვეყნდება და მე პერსონალურად ვიქნები განადგურებული კოლეგებისა და ქვეყნის თვალში. 

მე მგონია, რომ შანტაჟის წინააღმდეგ ყველაზე სწორი გზა არის საუბარი ამაზე, მეორე - დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სიკეთე დევს სასწორზე, ვიდრე ჩემი პირადი კეთილდღეობა, კომფორტი ან ა.შ. დღეს სასწორზე რუსთავი 2-ის მაუწყებლობაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეც დევს - ქვეყნის დემოკრატიის მომავალი. 

პირდაპირ ვაცხადებ, ხელისუფლებას მივმართავ ღია ეთერიდან - ატვირთეთ, რაც გნებავთ, თავიც ჩემია, ფეხიც და ყველა სხვა დეტალიც, ჩემთვის ეს არის ღრმად სულერთი. ჩემი პირადი ცხოვრება არის ჩემი პირადი ცხოვრება. ის არ ეხება არავის სხვას. თუ მე ვარ უკანონო თვალთვალის და მიყურადების მსხვერპლი, ამისთვის აუცილებლად გაზღვევინებთ პასუხს სასამართლოს წინაშე. ოღონდ არა ურთმელიძის, არამედ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს წინაშე. მაგრამ გულწრფელად ვამბობ, არაფერი ცხოვრებაში არ ჩამიდენია ისეთი, რომლის გამოქვეყნებაც იქნებოდა იმაზე უარესი, ვიდრე ჩემი დღეს რუსთავი 2-დან გაქცევა. ჩემი მეგობრების, კოლეგების, იმ ადამიანების ღალატი, ვის წინაშეც პასუხისმგებლობა ავიღე და გავყვები აუცილებლად ბოლომდე, და, რაც მთავარია, ჩვენი ტელემაყურებლების ღალატი. ამას მე არ ჩავიდენ არავითარი შანტაჟის და არცერთი გადაწყვეტილების სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა გამოიტანოს ხვალ მოსამართლედ წოდებულმა ურთმელიძემ.

არ დავუთმობთ არავის რუსთავი 2-ს, იმიტომ, რომ ხვალინდელი გადაწყვეტილება არის აპრიორი უკანონო", - თქვა გვარამიამ.

გვარამია ხელისუფლებას უკანდახევისკენ მოუწოდებს.

კომენტარები