რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია: ივანიშვილს და მის მარიონეტებს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "აბსოლუტურად ბუნებრივი იყო პრეზიდენტის რეაქცია ბოლო დღეების მოვლენებზე, რუსთავი 2-თან დაკავშირებულ ვითარებაზე, ე.წ. პრემიერმინისტრის დღევანდელ ამაზრზენ და სამარცხვინო განცხადებაზე“. მისი თქმით, პრეზიდენტს რეაგირება რომ არ ჰქონოდა, "ეს იქნებოდა კატასტროფა". ბოკერიას განცხადებითვე, ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების უსასრულოდ შენარჩუნება სურს. 

"აი, ამ გზაზე რა ბარიერსაც ხედავს, იქნება ეს ინფორმაციის მთავარი წყარო რუსთავი 2, პოლიტიკური ძალები, რომლებიც მას წინააღმდეგობას გაუწევენ, ზოგადად საზოგადოების ნება, რომ საკუთარი თავისუფლება დაიცვას, ამის გატეხვას ცდილობს და პრინციპში, ვა-ბანკზე წავიდა. ისეთი განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ და ისეთი მოქმედებები, რაც ვიხილეთ ამ დღეებში და ის გეგმა, რაც არსებობს რუსთავი 2-თან დაკავშირებით ჯიბის მოსამართლის მეშვეობით, ეს არის ბოლომდე დაპირისპირებაზე წასვლა. ჩვენი ამოცანა, ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი პრეზიდენტთან და შეიძლება ითქვას, რომ ამაზე ფართო კონსენსუსი არსებობს, ჩვენი მთელი საზოგადოების ამოცანა არის, რომ არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს და მის მარიონეტების გუნდს, ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანოს, რისი აშკარა მცდელობაც აქვს და თვითონ გადიან ამ ფარგლებიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება ჩვენი თავისუფლების დათმობის ხარჯზე და ამ თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი ახლა არის რუსთავი 2, როგორც მთავარი ფაქტორი. არა იმიტომ, რომ ამ ერთი არხის საქმეა თავისუფლების დაცვა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგაც ჩვენ კატასტროფულ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როგორც ქვეყანა. არა ერთი პოლიტიკური ძალა, არა ერთი ტელევიზია, არამედ მთელი ქვეყანა. ეს უნდა ესმოდეს ყველას, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ გვსურს ვითარების კონსტიტუციის ფარგლებში დარჩენა, დამშვიდება, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე და ეს მომავალი დღეს წყდება იქ, სადაც ხალხი დგას - რუსთავი 2-ის წინ და ეს უნდა ესმოდეს ყველას. ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ამ დაპირისპირებაზე წასვლით, ის კატასტროფულად დამარცხდება, თუმცა ძალიან სახიფათო გზაზე შეიყვანს ქვეყანას. თავისთავად ეს პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვუყურებთ, 3 წელია გვაქვს, მაგრამ აღმავალი ხარისხით მიდიოდა ეს პრობლემები. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე გაირკვა, რომ ამ კაცს გადაწყვეტილი აქვს ერთპიროვნულად მართოს უსასრულოდ ეს ქვეყანა, სანამ შეუძლია, ისე, რომ საზოგადოების უფლებები, საზოგადოების ფუნდამენტური უფლება - რომ ჰყავდეს ის მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია, უგულებელყოს. ეს გადაწყვეტილება თავიდანვე ნათელი იყო და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და განსხვავებული აზრის მიმართ სიძულვილი იყო თავიდანვე დაფიქსირებული, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ეს ყველაფერი უარესობისკენ, ცუდი ამბები ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც წესი, და ბოლო პერიოდში ვნახეთ აქსელერაცია ამ პროცესების და, როგორც უკვე გითხარით, მე მგონი, ეს დაკავშირებულია იმის საბოლოო გააზრებასთან, რომ მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი ივანიშვილი დამარცხდება 2016 წელს და ამიტომ გადაწყვიტა ეს ყველაფერი", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ "ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილს და მის მარიონეტებს თავისი ადგილი მივუჩინოთ". ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თქმით, "ადგილის მიჩენა ამ მომენტში მდგომარეობს იმაში, რომ რუსთავი 2-ს თავი დაანებონ. ხოლო უახლოეს მომავალში, როცა არჩევნების დრო მოვა, ადგილის მიჩენა იქნება მათი გაშვება ხელისუფლებიდან, ამ კაცის ჩამოცილება ხელისუფლებიდან".

კომენტარები